27 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
ახალი რეალობა NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებში - ბიძინა ივანიშვილმა ნეგატიური რეიტინგით ანტირეკორდი მოხსნა 

NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებმა დღეს ახალი პოლიტიკური რეალობა გამოაჩინა - ბიძინა ივანიშვილმა ანტირეკორდი მოხსნა.

ქართული ოცნების ლიდერის ნეგატიური რეიტინგი დღეს ყველაზე მაღალია. საქართველოს მოსახლეობის 39% ივანიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ისტორიულ მინიმუმზეა ივანიშვილის პოზიტიური რეიტინგი, ის 15-ე ადგილს 21%-ით, ირმა ივანიშვილთან ერთად, იყოფს.

მზარდია ივანიშვილის მთავარი კონკურენტის - მიხეილ სააკაშვილის, რეიტინგი. ის 31%-ით მესამე ადგილზეა. მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბევრად ჩამორჩება ნეგატიურ რეიტინგში. 

პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილს დავით სერგეენკო და კახი კალაძე იყოფენ და ორივეს 40%-იანი დადებითი რეიტინგი აქვს.

სერგეენკო შარშანაც ლიდერი იყო, თუმცა, წელს მისი რეიტინგი 6%-ით შემცირდა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა.

პარტია ქართული ოცნების ლიდერებს შორისლ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს კახა კალაძეს. ის მისივე პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, 13 პოზიციით და 19%-ით უსწრებს. კალაძეს ივანიშვილზე ორჯერ მეტი დადებითი რეიტინგი და 21%-ით ნაკლები ნეგატიური რეიტინგი აქვს.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგში 17-ე ადგილზეა, კვლევებს უნდობლობა გამოუცხადა.

ისტორიულ მინიმუმზე არ არის მხოლოდ ირაკლი კობახიძის პერსონალური რეიტინგი. პარლამენტს, რომელსაც ის თავმჯდომარეობს, ხალხის ასეთი დაბალი ნდობა არასდროს ჰქონია.

ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ეჭვქვეშ არ აყენებს ეკა ბესელია. უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა ივანიშვილის ნეგატიურ რეკორდზე საუბარი არ ისურვა და ყოფილი ლიდერის კრიტიკას ისევ მოერიდა.

ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობის დაკარგვა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ცვლილებების დროა. ევროპული საქართველოსთვის გაუგებარია, რატომ არ გაზომა NDI-იმ დავით ბაქრაძის პოლიტიკური რეიტინგი.

პოლიტიკოსების რეიტინგების კიდევ ერთი ტენდენცია პოლიტიკოსების ცნობადობის პრობლემაა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები