03 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აჭარაში - სასამართლო დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის და მასთან ერთად დაკავებული ექვსი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, ადვოკატები ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს მაინც შესთავაზებენ.  

„რადგან უდანაშაულოდ ცნობს ბრალდებული, შესაბამისად, ჩვენი პოზიციაც შეუვალი იქნება ამ მხრივ, რომ ვთვლით, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით, რომ საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება, შევჯერდით დაცვის მხარე და მოვითხოვთ, ალბათ, გირაოს. ის, რასაც გავეცანი და ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ბრალდების დამამტკიცებელი რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენელი,“ - განაცხადა გოგა ლომაძის ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა.

დაკავებულებს გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

პროკურატურის მტკიცებით, მერიის სოციალური პროექტი იაფი სახლის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში მაღალჩინოსნებმა აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გაიფლანგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები