07 მაისი 2024,   00:15
ვრცლად
"მე იმავეს კეთებას ვაპირებ, რასაც ვაკეთებდი მანამდე, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად" - დავით კირკიტაძე

6-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე, გაათავისუფლეს.

დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდა. სასამართლო სხდომაზე მან ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი თვლის, რომ ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება და საარჩევნო პროცესებს ის მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

„თავიდანვე მე ის პოზიცია მეჭირა, რა პოზიციაც დღეს ვთქვი სასამართლოზე და ყველა სასამართლოზე ამას აღვნიშნავდი. თუმცა, მოხდა ის, რომ დღეს მოხდა გამოშვება. მე მინდა, რომ მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს, რატომ მოხდა ეს დღეს, მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნები დამთავრდა. მე იგივეს კეთებას ვაპირებ, რასაც ვაკეთებდი მანამდე, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ბუნებრივია და ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს სულ უფრო მეტი და მეტი მოქალაქე ხვდება, რომ ხელისუფლების სახით ვისთან გვაქვს საქმე და რომ ეს ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებენ არაფერს და მხოლოდ და მხოლოდ მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ ახალი ხერხებით, ხრიკებით მოიგონ არჩევნები და ხალხისთვის არაფერი გააკეთონ, მალე არიან სახლში გასაშვები,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძე 2018 წლის 16 დეკემბერს - პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკვეს.

დღის ამბები