27 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ხელოვნური ნაგავსაყრელი დასახლებიდან 300 მეტრში - სოფელ ცეცხლიაურის მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლიაურის მოსახლეობა ხელოვნური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. ნაგავშემკრები და ნარჩენების გადამამუშავებელი დიდი საწარმო, რომელიც მთელს დასავლეთ საქართველოს მოემსახურება, ხინოს დასახლებასთან დაახლოებით, 300 მეტრში უნდა აშენდეს. მოსახლეობა წინააღმდეგია, რადგან მშენებლობა მათ კუთვნილ საძოვრებზეა დაგეგმილი.

მიწების დათმობის სანაცვლოდ, ხელისუფლება მათ მხოლოდ ფულად კომპენსაციას სთავაზობს. დასახლებაში იმასაც ამბობენ, რომ სახლებთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობა მათ ჯანმრთელობასაც დააზიანებს.

ხინოს დასახლებაში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათთვის საძოვარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კომპენსაციის მიღებას არ თანხმდებიან.

მშენებლობის წინააღმდეგია ოპოზიციაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა არამარტო სოფლებს, არამედ ქობულეთსაც დააზარალებს.

ქობულეთის მერი კი პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შეჩერება ამ დროისთვის არ იგეგმება.

მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, თამთა ჯიქია. 

დღის ამბები