03 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები და გამოუძიებელი საქმეები - უფლებადამცველები ახალ დეტალებზე საუბრობენ

პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები და გამოუძიებელი საქმეები - საკითხებზე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ იმსჯელეს. შეკრებილმა უფლებადამცველებმა აღნიშნული საქმეების ახალ დეტალებზე ისაუბრეს.

ადვოკატებმა ყურადღება იმ კონკრეტულ შემთხვევაზეც გაამახვილეს, რომელიც ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის თორნიკე ონიანის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება. დაზარალებულის განცხადებით ონიანმა მას ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა აიძულა.

უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებენ.

„ეს ქალბატონი წაიყვანა აბორტზე. ქალბატონი გამოიქცა საავადმყოფოდან, შემდეგ სცემა და ისევ მიიყვანა და გაუკეთეს აბორტი. ეს არის არაჰუმანური, არა ადამიანური მოპყრობა, ევრო კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, ჩემო კარგო, ეს არის წამება და პროკურატურა ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს,“- განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ ემპათიის“ დირექტორი დაზარალებულის უუფლებობაზე საუბრობს და ამბობს, მსხვერპლისთვის ექსპერტიზის დასკვნაც კი ხელმიუწვდომელია. მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, ქვეყანა ფაქტობრივად შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნდა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სამწუხაროდ დაზარალებულის უფლება, წამების მსხვერპლის უფლება არ არის გათვალისწინებული, წამების მსხვერპლს არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებთან და უფრო შორს წავალ კიდევ, სამწუხაროდ, ჩვენ დავბრუნდით შევარდნაძის ეპოქაში და ექსპერტიზის დასკვნაც კი, ჩვენთვის არის ხელმიუწვდომელი,“- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.  

დღის ამბები