18 ოქტომბერი 2019,   01:51
ვრცლად
მინიმუმ კანტი წაიკითხე ან მამარდაშვილი - კამათი ნაზი ჯანეზაშვილსა და მოსამართლე თამარ ონიანს შორის

ნაზი ჯანეზაშვილს კოლეგები ფილოსოფიური ლიტერატურის გადახედვისკენ მოუწოდებენ. ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ჯანეზაშვილის ინიციატივამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე თამარ ონიანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს. ამის მიზეზად ჯანეზაშვილი ერთ-ერთ კონკურსანტს ასახელებს, რომელიც თამარ ონიანის მეუღლის ძმაა. 

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას თამარ ონიანის გაღიზიანება მოჰყვა. მან ჯანეზაშვილს მოუწოდა, რომ მისი ვიწრო ინტერესებიდან გამოვიდეს.

„როგორ მონაწილეობსო ქალბატონი თამარი თავისი მაზლის შეფასებაში მორალური და დემოკრატიული პრინციპებისგან თავისუფალიო. სამწუხარო ის არის, რომ მას მორალურ პრინციპებზე, დემოკრატიაზე წარმოდგენა აქვს მხოლოდ ვიწრო ხედვით და არ ვიცი ახლა უნდა მივუთითო თუ არა, რომ მორალზე მინიმუმ, სულ მცირე კანტი წაიკითხოს ან არ ვიცი მამარდაშვილი წაიკითხოს,“-განაცხადა თამარ ონიანმა.

დღევანდელ სხდომაზე ჯანეზაშვილმა კიდევ ერთი საკამათოს აკითხი წამოჭრა. იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსიდან გიორგი მიქაუტაძის ჩამოშორებას ითხოვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, მიქაუტაძე კონკურსის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს არასრულყოფილად აქვს შევსებული განაცხადი და სამის ნაცვლად, ორი რეკომენდატორი ჰყავს.

„აქ მითითებული ჰყავს ორი რეკომენდატორი. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი. ჩვენ უნდა მივიჩნიოთ ამ შემთხვევაში და როგორც ჩანს არც დამატებითი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, რომ მას მესამე რეკომენდატორი არ ჰყავს. ვფიქრობ, რომ მან ამ შემთხვევაში ეს ფორმალური პროცესი ვერ უნდა გადალახოს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის მოთხოვნას არ ეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ისინი ამბობენ, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ სჭირდება რეკომენდატორები.

„მე მაგალითად ბატონ გიორიგ მიქაუტაძესტან დაკავშირებით არც ის ორი რეკომენდატორი არ მჭირდება. ამიტომ არ ვთვლი, რომ მანდ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, რომ მოვხსნათ ბატონი მიქაუტაძე პროცედურიდან. ეს არის არასერიოზული,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

დებატებს საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან ნაზი ჯანეზაშვილს უკანონო მოწოდებების გაკეთებაში დადანაშაულება მოჰყვა.

„რომ არ გადაიყვანონ ეგ იქნება უკანონობა. რისკენ მოგვიწოდებთ, რა უნდა გავაკეთოთ, უკანონობა ჩავიდინოთ?,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

საბოლოოდ გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა გიორგი მიქაუტაძის სასარგებლოდ მიიღეს და ის კანდიდატებს შორის რჩება.

 

დღის ამბები