06 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილება საჯარო გახდება - საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. აქამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში სასამართლოები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პერსონალური ინფორმაცია პირდაპირ ხელმისაწვდომი არ იყო.

სასამართლომ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სასარჩელო მოთხოვნა გაიზიარა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მედიას ჰქონდეს საშუალება, ისეთი ფაქტები გამოავლინოს, როგორიც არის ნეპოტიზმი და კორუფცია.

„ბევრი ის ინფორმაცია, რომელიც იყო საჯარო ინტერესის საგანი, რჩებოდა საზოგადოების ყურადღების მიღმა. ჩვენმა ორგანიზაციამ გამოვითხოვეთ გელა ხვედელიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის საქმესთან დაკავშირებული მასალები და სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით გვეთქვა უარი. ამან ჩვენ არ მოგვცა საშუალება, შეგვესწავლა ეს საქმე და დაგვედგინა, რამდენად სწორად მოქმედებდა გამოძიება“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობისთვის, რადგან სწორედ მუშაობის პროცესში ადგენენ გადაცდომებს.

„აღმოაჩენენ მაგალითად იმას, რომ პროკურატურას ერთი და იგივე მოწმე ჰყავს ბევრ საქმეში, აღმოაჩენენ ბევრ კორუფციულ საქმეს, რაც შეიძლება სასამართლო სისტემაში მომხდარიყო. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებისთვის ეს ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი. არ შეიძლება თანამდებობის პირების სასამართლოს საქმეები იყოს დაშტრიხული“, - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

"სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს," - მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის პირველი მაისიდან შევა. სწორედ ამ თარიღამდე აქვს პარლამენტს ვადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციოს.

დღის ამბები