07 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, საგარეო უწყება ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს პროცესი უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. 

"აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან,"-აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კი ე.წ. პარლამენტს ირჩევენ. რეგიონში 73 საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

 

 

 

 

დღის ამბები