05 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
მათ შორის არიან ადამიანები ვინც კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ - ბოკერიასა და ვოლსკის შორის ურთიერთბრალდებები სესიის შემდეგაც გაგრძელდა

საპარლამენტო სესიაზე დაპირისპირების შემდეგ ურთიერთბრალდებები დეპუტატებს შორის სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის წარსულზე საუბრობს და ცდილობენ მათი მორალური უპირატესობა წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი მათ შორის არიან ადამიანები, ვინც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდა.

„მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიან რეჟიმს, ფაშისტურ რეჟიმთან ერთად, კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ მმართველ თანამდებობაზე, მათ შორის გახრწნის ბოლო წლებში 9 აპრილის შემდეგ დარჩნენ მაღალ თანამდებობაზე. თუ მორალურ სტანდარტზე ვლაპარაკობთ, ვოლსკის აქვს უფლება ვინმეს წაუკითხოს მორალი,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ გიგა ბოკერიას მისამართით სწორი შეფასება გააკეთა, როდესაც მას ყეყეჩი უწოდა.

„მგონი ზუსტად დავახასიათე ადამიანის გამოსვლა და საქციელი, რომელიც არათუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცილდება,“-ამბობს ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ეთიკის საბჭოს არსებობა დადებითი მოვლენაა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

სამადაშვილის თქმით, კობახიძე რეაგირებას მხოლოდ ოპონენტების მიმართ ახდენს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეთიკის საბჭოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ოპოზიციის გასაჩუმებლად იქნას გამოყენებული.

პოლიტიკური საქმის გარჩევა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერ შეურაცხყოფაში რამდენჯერმე გადაიზარდა. მწვავე ბრალდებები და განცხადებები კი მთაწმინდის ოლქში გამართული მეორე ტურის შეფასებებს მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერს ვიგინდარა და ცეკას ინსტრუქტორი უწოდა. გია ვოლსკიმ კი მას უთხრა, რომ მისი თანაგუნდელები ღირსეული ადამიანები არიან და ყავარჯნით ხელში მამაკაცები არ გაუუპატიურებიათ.

ამ რეპლიკებს კი ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და გინება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დეპუტატებმა ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნეს.

დღის ამბები