26 აპრილი 2024,   23:25
ვრცლად
მინისტრის შეცვლას ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ვერაფერს უშველის - ჭიაბერაშვილი

სერგეენკოს შეცვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადააყენებენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც არ მოგვარდება ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეიცვლება. 

"თუ მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ უზარმაზარ პრობლემებსა და გამოწვევებს „ქართული ოცნები" პირობებში ვერაფერს უშველის. აქ მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რაც აკლდება 10 ათასობით პაციენტს. ამის გამოა ზუსტად, რომ მედიკამენტების პროგრამა არის უფუნქციო.

წარმოუდგენელი მგონია, რომ ან სერგეენკოს ან მისი შემცვლელის პირობებში რამე შეიცვალოს, ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ზოგადად პოლიტიკის შეცვლა,“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სერგეენკო "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თანამდებობიდან გადააყენონ. ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების პრეროგატივა პრემიერს აქვს და მის საჯარო განცხადებამდე გადადგომაზე ვერ ისაუბრებს. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას. თუმცა ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. არ არის გამორიცხული ბახტაძემ სერგეენკოს გადაყენების შესახებ განცხადება, სწორედ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები