16 ივლისი 2019,   00:56
ვრცლად
ვასაძე განიარაღდა, კომბლები ჭერშია, თუმცა მუქარა ძალაში რჩება - საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ

სკანდალური მუქარის ავტორის გაფრთხილება და ბოლო საჩუქარი ხელისუფლებას - ლევან ვასაძემ განიარაღების პირობა დადო. ის კომბლებს ჭერში აწყობს, თუმცა მუქარას ძალაში ტოვებს. ამ ფონზე კი სახელმწიფო, რომელსაც რაინდი და მისი არაფორმალური დაჯგუფება ულტიმატუმის ენით ესაუბრება დუმს და ვერ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიებს.

ხელისუფლების ეს პოზიცია გაუგებარია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.”თბილისი პრაიდის” კვირეული გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესის ეპიცენტრშია. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა, "Amnesty International" საქართველოს ხელისუფლებას დღეს საგანგებო განცხადებით მიმართა - უზრუნველყოს მოქალაქეების სიტყვის თავისუფლება და ფიზიკური უსაფრთხოება. ამ მოთხოვნას დღეს კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch" შეურთდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ხელისუფლების მიერ წინასწარ გაკეთებული განაცხადი, რომ ის მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს.

განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფების დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა დღეს საპატრიარქომ. ის ძალადობრივ გეგმებს ემიჯნება. სასულიერო პირებს კი მოუწოდა, თვითნებური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

ვასაძისა და მისი თანამოაზრეების განცხადებებში უკიდურესად სახიფათო გზავნილებს კითხულობს საქართველოს სახალხო დამცველიც. მიუხედავად ამისა, არაფომალურ დაჯგუფებას, რომელმაც დღეს აჯანყებაც კი დააანონსა ძალოვანები ადეკვატურად არ პასუხობენ. მძიმე მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს ბრალდებულები, დაკითხვაზე არ ყოფილა დაბარებული მუქარის ავტორი და არაფორმალური მოძრაობის ლიდერი ლევან ვასაძე.

”თბილისი პრაიდი” დღეს დაიწყო. პირველივე ღონისძიება საიდუმლოდ, მედიისა და დაუპატიჟებელი სტუმრების გარეშე ჩატარდა. ორგანიზატორები ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებს რისკების შესახებ წინასწარ აფრთხილებენ. კვლავაც საიდუმლოდ რჩება ”ღირსების მარშის” ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები