02 მაისი 2024,   11:20
ვრცლად
"ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს...ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო" - კობახიძის მიმართვა რუს დეპუტატებს 

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე შეკრებილებს, სადაც რუსი დეპუტატებიც იმყოფებიან.

კობახიძემ საკუთარ მიმართვაში ოკუპირებულ რეგიონებზე, იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, ოკუპანტი ცდილობს, წაშალოს ქართული კვალი მიტაცებულ რეგიონებში და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია.

ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს. მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები