23 აგვისტო 2019,   16:10
ვრცლად
ბასილაია დაკავებული აქციის მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად პატიმრობაში რჩება - უფლებადამცველმა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო 

იურისტი ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვაზე, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, უარი თქვა.

უფლებადამცველი, რომელიც 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს, სხვა დაკავებული აქციის მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში საკუთარი სურვილით რჩება.

ბასილაია აცხადებს, რომ მზად არის ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადოს და 14 დღეს პატიმრობაში გაატაროს.

ბასილაია დღეიდან შიმშილობას იწყებს და ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს მანამ, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება.

„არაფერი კავშირი სამართალთან არ ჰქონდა საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესებს,ე ს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

ასევე არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესებთან. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

აქციის მოთხოვნაა ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ვინაიდან დღეის მდგომარეობითაც რჩება ადამიანები პატიმრობაში,ვიდრე უკანასკნელი ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული, მე საჩივარს გავიტან უკან. ბოლო ადამიანი ვიქნები ვინც გათავისუფლდება.

მე დღეს ვიწყებ შიმშილობას გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ვიდრე გახარია არ გადადგება, ვიქნები საპყრობილეში თუ ვიქნები გარეთ ვიწყებ შიმშილობას,“-განაცხადა  ბექა ბასილაიამ.

ადვოკატ ჩივიაშვილის განცხადებით, ბექა ბასილაიას ნაბიჯი არის დაუმორჩილებლობა, ის ამ გადაწყვეტილებით გამოხატავს პროტესტს.

სასამართლოს შენობაში იმყოფება ბაჩანა შენგელაია, მისი თქმით, დღეს ასამართლებენ ადამიანებს, ვისზეც სამართალდამცველებმა დევნა გამოაცხადეს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებს სამართალთან და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს.

ბექა ბასილაიას სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები