26 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
პოლიტიკური ვითარება, რუსეთის ემბარგო, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობა - ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებზე 

ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო.

საცალო ბაზარზე კურსი კი 2.85-ზეა. ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 3.27 ლარია. 

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, რუსეთის ახალი ემბარგო, და ამ ფონზე ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობა. ეს არის მიზეზები, რასაც ეკონომისტები გაუფასურების ახალი ტალღის უკან ხედავენ.

ლარის გაუფასურების კიდევ ერთ მიზეზად ფინანსისტები ეროვნული ბანკის ინტერვენციას ასახელებენ. ეკონომისტების განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ლარის გაუფასურების ფონზე მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა რეზერვის სახით, 30 მილიონის რეზერვი შეიძინა.

ამ დროისთვის ექსპერტები ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს არ უკავშირებენ, რადგან რეგიონში დოლარი უფასურდება, მეზობელ ქვეყნებში კი ეროვნული ვალუტები მყარდება.

„მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, შესაბამისად დოლარის კურსზე. მაშინ, როდესაც ტურისტულ სეზონზე უკვე გამოცხადდა ემბარგო რუსეთის მხრიდან და ტურისტებმა დაიწყეს გასვლა, ეს თავისდაუნებურად უარყოფით ფაქტორად მოიაზრება. ცუდი ის არის, რომ ლარი ისევ უფასურდება მაშინ, როდესაც დოლარის დევალვაცია მიმდინარეობს და ირგვლივ რეგიონულ ეკონომიკაში ფაქტობრივად დოლარი გაუფასურდა, ჩვენთან პირიქით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში კლავ მოახერხა დოლარების შესყიდვა, რამაც შექმნა ზედმეტი მოლოდინები და მივიღეთ ის, რაც გვაქვს“, - განაცხადა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს ასახელებს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე. თუმცა გიორგი კეპულაძის თქმით, ეს იქნება მოკლევადიანი დარტყმა, საქართველოს ეკონომიკაზე. 

„ეს მცირე გაუფასურება შეიძლება უკავშირდებოდეს მოლოდინებს, რომ შესაძლოა რუსი ტურისტების შემოსვლა შემცირდეს. თავისთავად ბაზარმა მოახდინა რეაგირება და ვიღაცამ უკვე იფიქრა აკუმულირებაზე სავალუტო რეზერვის. მგონია, რომ ეს იქნება მოკლევადიანი რყევა და ეს არ იქნება დიდი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკისთვის. რადგან რუსეთისგან ტურისტების შემცირება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს აუცილებლად დაბალანსდება სხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტებით“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, ახალ გაუფასურებას აუცილებლად მოჰყვება ფასების ზრდის ახალი ტალღაც.

დღის ამბები