27 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
რა მნიშვნელობა აქვს ორი საათით ადრე დააკავებთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან, ივანიშვილის რეჟიმზე რომ გადაგვიყვანეთ - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

რა მნიშვნელობა აქვს ორი საათით ადრე დააკავებთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან? რატომ ვერ ითმენთ ხალხო, რა გჭირთ? - ამ სიტყვებით მიმართა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხათუნა გოგორიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მაშინ, როცა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 დღე აქვს, გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დილის 09:00 საათზე ჩაინიშნა.

„იქნებ აგვიხსნათ რითია განპირობებული ასე სასწრაფოდ და საჩქაროდ, დილის ცხრა საათზე სხდომის დანიშვნა, რომ გადაგვიყვანეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, 5 დღეა განხილვისთვის განსაზღვრული და გუშინ შემოტანილ საკითხზე დილაუთენია სხდომა გამართეთ,“-მიმართა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იკითხა, განიხილავს თუ არა პარლამენტი, 20 ივნისს და ამ დღის შემდეგ რატომ შეეზღუდა პარლამენტში დეპუტატებს გადაადგილების თავისუფლება.

სალომე სამადაშვილმა კი მიმდინარე მოვლენები 1937 წლის რეპრესიებს შეადარა. მისი თქმით, სწორედ ასე, ღამის საათებში იკრიბებოდა რამდენიმე პირი და ოპონენტების წინააღმდეგ იღებდნენ სადამსჯელო გადაწყვეტილებებს.  სალომე სამადაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მოსთხოვა განემარტა, რატომ გახდა აუცილებელი დღეს, დილის ცხრა საათზე სხდომის ჩანიშვნა და ასევ რატომ დაინიშნა სასწრაფოდ კომიტეტის მეორე სხდომაც.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, მიმართვაში, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვენ არასრულფასოვანია. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მიმართვაში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები.

„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ნიკა მელია არის ისედაც ბრალდებული, მას ბრალი აქვს წარდგენილი ივანიშვილის ბანკთან დაკავშირებით და ამ მომართვაში არის სწორედ მსჯელობა იმ ბრალდებაზე და ამ მომართვაში ამაზე მტკიცებულებები არ არის. აქ პარლამენტის წევრები ხელის ასაწევად გყავთ მოყვანილი? რატომ არ მოითხოვეთ, რომ პროკურატურას კეთილი ენება და წარმოედგინა მტკიცებულებები წინასწარ, ჩვენ ხომ უნდა გავეცნოთ რაზეა საუბარი.

"ვაყენებ საკითხს, პროკურატურას თუ აქვს მოტანილი მასალები, ვთხოვ აპარატის წარმომადგენლებს აღნიშნული მასალები დარიგდეს, გამოცხადდეს შესვენება და შემდეგ განვაგრძოთ სხდომას, ვითხოვ ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარებას,“- განაცხადა კახიძემ.

ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტაზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე უნდა იმსჯელონ. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას ითხოვს. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები