18 ივლისი 2019,   20:11
ვრცლად
ე.წ. გავრილოვის სია - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სანქციებით ემუქრება

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, სანქციებით ემუქრება. სალომე სამადაშვილმა უკვე დაიწყო "გავრილოვის სიაზე" მუშაობა. ამ სიაში მოხვდება ყველა ის დეპუტატი, რომელმაც დღეს პოლიტიკურ დევნას მწვანე შუქი აუნთო და ნიკა მელიას დაკავებას ხმა მისცა.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში დღეს დიქტატურის გაფორმების პროცედურა დაიწყო, ამიტომ სანქცია უნდა დაწესდეს ყველა დეპუტატს, ვინც ხელი მოაწერა ამ მძიმე პოლიტიკურ განაჩენზე.

სალომე სამადაშვილის თქმით, სიაში უნდა მოხვდეს ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა, ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიას და ანზორ ჩუბინიძის პასუხისმგებლობის საკითხზე.

„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორც ევროპარლამენტთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, იმისთვის, როგორც ეს ხდება არადემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად, არსებობს მაგნიტსკის აქტი. ამისი მსგავსი გავრილოვის სიის დამფარავი აქტი იქნას მიღებული, დემოკრატიული ქვეყნების შესაბამისი ქვეყნების შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ეს გულისხმობს იმას, რომ საბოლოოდ, ვინც სანქციების სიაში მოხვდება, მათ მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ფინანსური შეზღუდვები, ასევე შეზღუდვები გადაადგილებაზე და რა თქმა უნდა... გავრილოვის სიაში შევა ივანიშვილი, გახარია ჩუბინიძე. ჩემი აზრით, ასევე უნდა შევიდეს ირაკლი კობახიძე და ასევე, მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას ვინც დაუჭერს მხარს, ჩემი აზრით, ყველა უნდა შევიდეს“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნიკა მელიას ციხეში გაშვების ბრძანება პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

„ის, რაც კომიტეტზე ვიხილეთ, იყო სრული ფარი სადაც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, სადაც აღარ არსებობს პროკურატურა, სადაც აღარ არსებობს სასამართლო, იმიტომ რომ ივანიშვილმა თქვა - ნიკა მელია ციხეში. ასე, რომ ან მოხვდებიან გავრილოვის სიაში, ან შეძლებენ რომ შეინარჩუნონ ღირსება როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითმა  მოქალაქეებმა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი,  სერგი კაპანაძე  აცხადებს, რომ გავირილოვის სიაში უნდა შევიდეს ყველა, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის 20 ივნისის დარბევაში.

„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწყო გავრილოვის ღამე და ესროლა თავის ხალხს, ყველას პასუხისმგებლობაა, როგორ მორალური, გინდათ პოლიტიკური, რომ ყველამ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ არის ადამიანი ვინც ესროლა, ვინ არის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა,“ - განაცხადა სერგო კაპანაძემ.

ე.წ. გავრილოვის სიის შესახებ განცხადება გააკეთა, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

„ეს ყველაფერი ესე ვერ ჩაივლის, არავის არ შერჩება არც მოქალაქეთა დასახიჩრება, ვერც მათი მხედველობის გარეშე დატოვება და ვერც სიკვდილის პირად მიყვანა“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

დღის ამბები