05 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ჩართული ვართ, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას - ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვას ეხმაურება 

რუსი ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის ფაქტს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავრობა უკანონო შეზღუდვის მოხსნას ყველა ფორმალური და არაფორმალური გზით ცდილობს. ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა მოკლე ვადაში მოგვარდება.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდება იმ უკანონო შეზღუდვით. შესაბამისად, ძალიან ინტენსიურ  რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა მძიმედ არ დაზარალდეს. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური, თუ არაფორმალური არხით, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება, რომლებიც ოკუპირებული სოხუმის მთავრობის შეფასებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.

დღის ამბები