07 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" "ევროპული საქართველოს" წევრებმა დაუდასტურეს.

სავარაუდოდ უგულავას დაბარება, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. გიგი უგულავა ამბობს, რომ გამოკითხვაზე იქამდე არ მივა, სანამ თავად შს მინისტრს, მისსავე უწყებაში არ გამოკითხავენ. თუკი ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივა. 

„ვიყავი ტელეკომპანია „პირველში“, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში და იქიდან რომ გამოვედი, ქუჩაში, პირდაპირ ტელეკომპანიის წინ მოვიდა კრიმპოლის თანამშრომელი, ძალიან ზრდილობიანად. უბრალოდ უცნაური ის იყო, რომ ტელეკამერა მოყვა გვერდზე. არ ვიცი, რომელიმე ტელეკომპანიის იყო თუ მათი შიდა უწყებრივი, მაგრამ ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მითხრა, რომ უწყისი მინდა რომ  ჩაგაბაროთო, ხვალ 10:30 რომ მოხვიდეო. ჩავართვევინე ის კამერა და ვუთხარი, რასაც აქამდე ორი კვირაა ვიძახი მას შემდეგ, რაც ჩემი გვარი ახსენა პოლიციის სპიკერმა. რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე არ მივალ მანამ, სანამ გამოკითხული არ იქნება გახარია, რომელიც სულ  მცირე, ფიგურანტია ამ საქმის. თუ ამას ის არ იზამს, მაშინ არის მეორე გზა. სამართლებრივად სწორი და გამართული, რაც მე შევთავაზე. მე მზად ვარ მივიდე, თუ დამიძახებენ გამოკითხვაზე, მივალ მაგისტრ მოსამართლესთან. არ ჩავიბარე ის უწყისი, მერე დავემშვიდობე იმ ადამიანებს, ისინი თავის გზაზე წავიდნენ, მე ჩემს გზაზე“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ის ჩვენების მიცემას არ გაურბის და აპირებს ყველაფერი მოყვეს, რაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. თუმცა, გიგი უგულავას თქმით, არ აქვს იმედი იმისა, რომ რეალური და ობიექტური გამოძიება იქნება წარმართული.

დღის ამბები