19 აგვისტო 2019,   02:42
ვრცლად
სიმართლე არ იყო არცერთი, გარდა იმისა, რომ თქვა, მან გასცა ბრძანება - გიგა მაქარაშვილი გახარიას განცხადებებს ეხმაურება

შს მინისტრის გადადგომას პარლამენტის წინ შეკრებილები დღეს ისევ მოითხოვენ. აქციის 23-ე დღეს მთავარი მოთხოვნა უცვლელია - სისხლიანი ღამის გამო გადადგეს გიორგი გახარია.

ამინდის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე შეკრება უკვე დაიწყეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, გახარიას თანამდებობიდან წასვლაა.

მაქარაშვილმა მინისტრი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გიორგი გახარიამ იცრუა. ამის მაგალითად კი, გიგა მაქარაშვილს რეზინის ტყვიებსა და ელჩებთან დაკავშირებით, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს.

„სიმართლე არ იყო არცერთი, გარდა იმისა, რომ თქვა, მან გასცა ბრძანება და რა თქმა უნდა, მან გასცა ბრძანება ბუნებრივია. დანარჩენი, რომ ძალა იყო ადეკვატური იძახდა, რაც აბსოლუტურად სისულელეა, იმიტომ, რომ 4 კილომეტრის იქით, რომ დარბევიდან 3 საათში დაგდევენ და თვალებს გთხრიან, ვერ იქნება ეს ადეკვატური. იძახდა, რომ ის იარაღი, ის ტყვიები, რომელიც გამოიყენეს, არ იყო ლეტალური და ესეც ტყუილია, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რომ ლეტალურია იმიტომ, რომ დათვებს კლავენ ამ ტყვიებით და ადამიანს, რომ ესვრი, რა უნდა მოუვიდეს. თქვა, რომ რაღაც ელჩებთან ერთად უყურებდა ამ ყველაფერს და მერე ყველამ უარყო, რომ არავითარი ელჩი აქ არ ყოფილა და ა.შ. ძალიან ბევრი ტყუილი თქვა იმიტომ, რომ მის მხარეს არ არის სიმართლე, ბუნებრივია, სიმართლეს ის ვერ იტყოდა. ერთადერთი მართალი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა და ქვეყანამ დაიწყოს ახალი პოლიტიკური რეალობით ცხოვრება,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დღის ამბები