27 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
ელჩებმა შს მინისტრი ტყუილში ამხილეს, ამ პოლიტიკოსის ტოქსიკურობა ლოკალურიდან გლობალურში გადაიზარდა - რუსთაველზე აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის მოვლენების შემდეგ 23-ე დღეა, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციაზე გამომსვლელებმა შინაგან საქმეთა მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს გამოეხმაურნენ, როდესაც „რეაქციაში“ შს მინისტრმა თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ.

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ შს მინისტრის ტყუილი საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს. აქციაზე ვიდეოკოლაჟი წარადგინეს, სადაც გიორგი გახარიას ტყუილებია ჩამოწერილი. 

„ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი ტყუილი, რაც იყო, ამაზრზენი არა იმის გამო, რომ უხეში ტყუილი იყო, არამედ ეს იყო ტყუილი, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო არენაზე. მან დაადანაშაულა სხვა ქვეყნის ელჩები, ელჩები იყვნენო, როცა ამ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდიო, დღეს დაეწყო აბსოლუტურად ყველა საელჩო და უარყო ეს ამბავი, რომ არსად არ ვყოფილვართ ამ გადაწყვტილების მიღების დროსო. ერთადერთი გერმანიის ელჩმა თქვა, რომ ფიზიკურად იქ ვიყავიო, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებაში არც ჩართული, არც ვიცოდი და მით უმეტეს არც მონაწილეობა არ მიმიღიაო. მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაირაზმა, ელჩები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაირაზმნენ და ამხილეს შს მინისტრი ტყუილში. ამ პოლიტიკოსის ტოქსიკურობა ლოკალურიდან გლობალურში გადაიზარდა,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრია და ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„თავად მინისტრი გვეუბნება, რომ 15 ათასი პროტესტანტიდან, დაახლოებით, 200 ადამიანი იყო აგრესიული, ეს დაახლოებით, 1.3%-ია მთლიანი პროტესტანტების. ანუ, თქვენ, ბატონო მინისტრო, პროტესტანტების 1 პროცენტის განეიტრალებას შესწირეთ და გადააყოლეთ ჩვენი 99 თავისუფალი პროტესტანტის აქცია. ამიტომ გვდიეთ დილის 5 საათამდე, სწორედ ამიტომ დაგვიმიზნეთ ტყვიები სახეში, ამიტომ არ დაგვინდეთ, თურმე ერთი პროცენტი ვერ გაანეიტრალეთ, მხოლოდ ამიტომ მოგიწევთ თანამდებობის დატოვება, თუ თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენს სპეცრაზმს არ შეუძლია აქციის ერთი პროცენტი გაანეიტრალოთ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა ვიდეოკოლაჟში გიორგი გახარია რამდენიმე ტყუილში ამხილეს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. მან გიორგი გახარია ტყუილში ამხილა და თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის დროს სერგეი გავრილოვისთვის შეზღუდვა დაეწესებინა.

„საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა, ეთქვას თუ საგარეო პოლიტიკური მიზანშეუწონლობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა, შესაბამისად, გავრილოვისთვის უარის თქმის საფუძველი კანონით არსებობდა. მინისტრი გუშინ ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ მან სამი თვის მანძილზე ეძება კანონმდებლობაში ნორმა და ვერ იპოვა, რომლითაც შეეძლო გავრილოვის შეზღუდვა საზღვარზე შემოსვლის დროს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ადვოკატი ბექა ბასილაია შიმშილობის აქციას კვლავ აგრძელებს. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„გახარია, რომ პირველად გამოჩნდა ამ დარბევის შემდეგ ჟურნალისტებთან, მან ცოცხალი თავით არ თქვა, ბრძანება იყო თუ არა, მის მიერ გაცემული ან საერთოდ ვის მიერ იყო ბრძანება გაცემული. ამის შემდეგ, გამოდის გახარიას მოადგილე, ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ არავითარი ბრძანება გაცემული არ ყოფილაო, პოლიციელები მოქმედებდნენ თავდაცვის რეჟიმში, როდესაც პოლიციელი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებს, ბრძანება რა საჭიროაო. აქედან გადის, სამი თუ ოთხი დღე და გახარია ამბობს, რომ დიახ, ბრძანება მე გავეცი. როდის იყო შსს გულწრფელი და მართალი? როცა არ ამბობდა, ვინ გასცა ბრძანება, როცა ამბობდა, რომ ბრძანება გაცემული არ ყოფილა თუ როცა, ბოლოს თქვა, რომ ბრძანება გასცა უშუალოდ გახარიამ?“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები