27 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
მშენებლობაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ

მშენებლობაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვა დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა არასრუწლოვანი საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე მუშად. სამართალდამცველების შეკითხვებს კომპანიის HR სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობდა. ის პასუხისმგებელია იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც მუშებთან დაკავშირებით ფორმდება.

„კურიერის“ შეკითხვაზე, როგორ დაიწყო არასრულწლოვანმა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა.

„მე არ ვარ იურისტი, არც უფლებამოსილი პირი, რომ ხელშეკრულება ვინმეს დავუდო,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე - იყო თუ არა მოზარდთან ხელშეკრულება გაფორმებული, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მას დოკუმენტი არ უნახავს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, არც არსებობდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა ამ დრომდე არ იმყოფება საქართველოში. მისი წარმომადგენლის დაკითხვა კი დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ კომპანია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ეფექტურ მართვას არ უზრუნველყოფდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ასევე ამბობს, რომ აკრძალულია მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე არასრულწლოვნის დასაქმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები