18 აგვისტო 2019,   11:59
ვრცლად
სიკვდილი საკუთარ დაბადების დღეზე - 16 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია, რომელიც მშენებლობაზე გაჭირვების გამო დასაქმდა

16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინამალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა. გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სწორედ ამ მშენებლობაზე დასრულდა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ტრაგიკულად.

გარდაცვლილ მოზარდს ბოლოს და ესაუბრა. გიორგიმ ოჯახს დაუმალა, რომ მას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა. გარდაცვლილის დედამ და დამ იცოდნენ, რომ ბიჭი დაცვაში მუშაობდა. ტრაგედიის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი იმ მშენებლობაზე გარდაიცვალა სადაც უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც კი არ იყო დაცული. ოჯახი პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვს.

ბეშკენაძეების მეზობლები ამბობენ, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც არ ჰქონდა. ნახევრადდანგრეულ სახლში ცხოვრება გაუსაძლისი რომ გახდა, ბინა ნათესავმა ათხოვა.

სოფლის ადმინისტრაციამ ტრაგედიის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმაროს.

ტრაგედია გუშინ დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა. 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მოზარდი რამდენიმე დღის დასაქმებული იყო, ბიჭი სამშენებლო ლიფტის დემონტაჟს ახორციელებდა, რა დროსაც შახტაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაირკვა, რომ სამშენებლო ობიექტზე მშენებლებს უსაფრთხოების არანაირი ნორმები დაცული არ ჰქონდათ. დღეს მთელი დღის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები იკითხებოდნენ, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები