14 ოქტომბერი 2019,   13:16
ვრცლად
არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხალვაში არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს პოლარიზებულ მედია გარემოში, „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის კუთხით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი დარწმუნებულია, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, ოღონდ არა უკეთესობისკენ.

Image result for ნატა ძველიშვილი„მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ქიბარ ხალვაში აქ არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას და რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის, რომ უკეთესს გახდის, პირიქით. ამ პროცესში მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჟურნალისტების როლი, განსაკუთრებით, საინფორმაციო სამსახურის როლი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

კრიტიკული მედიის როლზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურიც. მისი თქმით, ზეწოლის შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ღიად უნდა ისაუბრონ.

Image result for ეკა გიგაური„კრიტიკული მედია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და მედია გარემოსთვის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უარყოფითი გამოცდილება ამ მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს თითოეული ჟურნალისტზე დგას ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზრის არსებობა ტელეკომპანიაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმაც გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ თუკი იქნება ზეწოლა, ყველა შემთხვევაში, ამაზე ღიად ისაუბრონ,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ერთპოლუსიანი მედია გარემოს ჩამოყალიბების საფრთხეს ხედავს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აუცილებლად აისახება.

Image result for მიხეილ ბენიძე„ამ გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება გაჩნდეს საფრთხე იმისა, რომ მივიღოთ ერთპოლუსიანი მედია გარემო, სადაც ძირითადი ნაციონალური, მსხვილი მაუწყებლები საუბრობენ ერთი და იმავე ენით. ეს მთლიანად გარემოსთვის, მათ შორის, საარჩევნო წელს, 2020 წლის კონტექსტში არ არის პოზიტიური განვითარება და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იქნას სარედაქციო დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზრი „რუსთავი 2“-ზე. პირველი რიგის ამოცანა ჩვენთვის, როგორც არასამთავრობო სექტორისთვის არის, რომ "რუსთავი 2"-ში დასაქმებული ადამიანების, ჟურნალისტების, ოპერატორების, სხვა ტექნიკური პერსონალის უფლებები იქნას დაცული,“ - განაცხადა ბენიძემ.

დღის ამბები