26 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
"მე, მოქალაქე არ უნდა ვუყურებდე იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადებას თუ რა ცუდია იუსტიციის საბჭო ან სასამართლო“ - თადუმაძე ჯანეზაშვილს და დოლიძეს აკრიტიკებს 

გენერალური პროკურორი სასამართლო სისტემას ციხე-სიმაგრეს ადარებს და ამბობს, რომ მთავარია, ის შიგნიდან არ გატყდეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მისული მოსამართლეობის მსურველი გენერალური პროკურორი ფიქრობს, რომ მთავარია, ინსტიტუტებში მომუშავე პირებმა არ ისაუბრონ საჯაროდ არსებულ პრობლემებზე. 

გასაუბრებაზე მან გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და თქვა, რომ მათი განცხადებები საბჭოსა და სასამართლოს აზარალებს.

„როცა მოქალაქე უყურებს, რომ საბჭოს ემბლემის წინ დგას ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აქ არაფერი წესიერი არ ხდება, ბუნებრივია, დეპუტაცია ამ ინსტიტუტის არის ძალიან მძიმე. როცა ეს არის საბჭო, მე მოქალაქე არ უნდა ვუყურებდე იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადებას თუ რა ცუდია იუსტიციის საბჭო ან სასამართლო,“ - ამბობს შალვა თადუმაძე.

ამ კომენტარს ნაზი ჯანეზაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „მე და ანა დოლიძე რომ არ დავდგეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბანერთან, სადმე კედელთან რომ დავდგეთ სანდოობა დააკლდება?“

თადუმაძემ კი თქვა, რომ მისი აზრით, ხელისუფლების ოფიციალური განცხადება უნდა იყოს ოფიციალური განცხადება. ამის შემდეგ მას ანა დოლიძემ იმ პროკურორებსა და მოსამართლეებზე ჰკითხა, რომელიც სასამართლო სისტემაში ზურაბ ადეიშვილის დროს დაინიშნენ.

„რა დამოკიდებულება გექნებოდათ, ზურაბ ადეიშვილი რომ იყოს ქალაქის პროკურორი იმიტომ, რომ კლანის მეთაური, რომელზეც ვსაუბრობთ, ეხება იმ მოსამართლეებს, მათ შორის ჩინჩალაძეს, რომელიც დღეს არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე?“ - ჰკითხა დოლიძემ მას.

თადუმაძემ კი თქვა, რომ ეს არასწორი შედარება იყო, რადგან ადეიშვილი ახლა ძებნილია. მისი თქმით, არ აპირებს, გაათავისუფლოს ის კადრები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ.

„თუ კანონში ჩამიწერენ, რომ ადეიშვილის დროს ნამუშევარი პროკურორი არ უნდა მუშაობდეს... თუ პოლიტიკოსს არ მოსწონს, მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობ სისტემას, ჩემს სისტემაში მუშაობს ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა,“ - ამბობს თადუმაძე.

არამოსამართლე წევრებმა შალვა თადუმაძეს ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზეც ჰკითხეს. საუბარი ინციდენტზე, რომელიც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძესა და თამარ ხაჭაპურიძის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. 

თადუმაძე ამბობს, რომ "თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება გენერალურ პროკურორს ჰკითხოთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე“.

თადუმაძის განცხადებით, მინიშნება, რომ ამ საქმეზე გენერალური პროკურატურა გამოძიებას განგებ არ ასრულებს, რათა მიქაუტაძეზე ზეწოლის საშუალება ჰქონდეს არასწორი და შეურაცხმყოფელია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები