02 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლა კრემლის ინტერესების გატარებაა - ანალიტიკოსები საბჭოთა დიქტატურის პროვინციულ ვერსიაზე საუბრობენ

საქართველოში დახურული დიქტატურა გადაიქცა ღიად - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის შეფასებისას.  

ანალიტიკოსებით თქმით, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის დამფუძნებლების განეიტრალება სწორედ იმიტომ სურთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ აღარ აშენდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება პროექტს პრობლემებს რუსეთის დაკვეთით უქმნის.

„ვინც კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს უდგება წინ, ყველას ივანიშვილი სასამართლოს, ძალოვანების, ყველაფრის გამოყენებით სჯის. თუ ჩვენ საბჭოთა რუსული დიქტატურის  პროვინციულ ვერსიას ვაკეთებთ საქართველოში, მაშინ ანაკლიის პროექტი არ არის საჭირო, მისი გაჩერება იქნება საჭირო.

ამის საუკეთესო გზა იქნება მისი ხელში ჩაგდება. ალბათ, ხაზარაძეს შესთავაზებენ, რომ მას თავისუფლება მისცენ ანაკლიის პროექტის სანაცვლოდ. შემდეგ ამ პროექტს შეანელებს და მიიყვანს არაფრისკენ. ალბათ, ეს არის მთავარი გეგმა, რომ ჩვენ მენტალურად და პოლიტიკურად დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით, სხვა გზა ხელისუფლების შენარჩუნების 2020-ში აღარ დარჩა,“ - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ განახლებულმა დევნამ ყველა მიიყვანა აზრამდე, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებაა. პაატა გაფრინდაშვილი კრემლის ინტერესებზე და ამ ინტერესების საქართველოში გატარებაზე საუბრობს.

„ეს ყველაფერი ემთხვევა ფულის გათეთრების ნიშნით საქმის აღძვრას პროკურატურაში, ამ პროცესების პარალელურად უკვე მიმდინარეობს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ სკეპტიკური დამოკიდებულება ანაკლიის პორტის პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ცალსახა და ბუნებრივია უკვე რუსული ინტერესების, კრემლის ინტერესების ღიად გატარება საქართველოში, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ანაკლიის პორტის პროექტის იმპლემენტაცია არ შედის კრემლის ინტერესებში,“ - აცხადებს გაფრინდაშვილი.

ამ ეტაპზე ეს პროექტი შეიძლება დღესვე ჩაშლილად გამოვაცხადოთ - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას. ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფექტურ მდგომარეობაშია და მიიჩნევს, რომ მუდმივად შეტევაში უნდა იყოს. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი დასავლეთს ანაკლიის პორტის პროექტით ევაჭრება.  

"ვეჭვობ მიდის დიდი ვაჭრობა დასავლეთთან, ან შეჭამთ ყველაფერს და დამტოვებთ ხელისუფლებაში, ან წავალ რუსეთში," - ამბობს ხუხაშვილი. 

ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის არარეზიდენტი მკვლევარი მაიკ პომპეოს მინიშნებას იხსენებს. ზვიად აძინბაია ამბობს, რომ აშშ-მ პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ცალსახად მიანიშნა და ახლა საქართველოს ხელისუფლებას პორტის საკითხით ვაჭრობისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა არ აქვს. 

დღის ამბები