27 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს - „გამჭვირვალობა - საქართველო“

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს - ამ სათაურით განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას ეხმაურება და ბრალთან დაკავშირებით არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომტკიცებულებაში არ იკვეთება ოქრუაშვილის ბრალეულობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს დამატებით, წონადი მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ცხადად არ იკვეთება ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები. ოქრუაშვილის როგორც მოწოდებები, ისე ქმედებები მის დასაკავებლად არ იყო საკმარისი.

გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი, ასევე, მან ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებაზე ისაუბრა და წილების დაბრუნებისათვის სამართლებრივი დავა დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროონ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

დღის ამბები