03 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
სკანდალური ისტორიები, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო - ზურაბ ადეიშვილი დუმილს არღვევს  

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა დუმილს არღვევს. ზურაბ ადეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ნიკა გვარამიამ ჩაწერა, რომელიც „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა youtube-ის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა.

7 წლიანი დუმილის შემდეგ ზურაბ ადეიშვილის ეს ინტერვიუ ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამბობს, რომ მოვლენების გადაფასების შემდეგ ერთ მთავარ დასკვნამდე მივიდა, 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელმაც ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალა.

ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ ნიკა გვარამიამ ბუდაპეშტში ჩაწერა. ამ ინტერვიუში ადეიშვილმა პირველად გათქვა ბევრი ისეთი დეტალი, რაც დღემდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. არ მოერიდა, საჯაროდ ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გუნდის კავშირებსა და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ივანიშვილს მაშინდელ ძალოვანებთან ჰქონდა. 

ზურაბ ადეიშვილი დღეს მსჯავრდებულია. მას „აკურის“ ღვინის ქარხნის საქმეზე ეროვნულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადეიშვილი ამტკიცებს, რომ ამ ქარხნის მიმართ ინტერესი ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ჰქონდა. 

ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ზურაბ ადეიშვილი აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა იყო. ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თავის პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ გაურბის და აღიარებს, რომ ხელისუფლების ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტოს ჩამოყალიბება და გაძლიერება ვარდების რევოლუციის მთავრობამ ვერ შეძლო. ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის ფლობისთვის ადამიანების დაჭერა შეცდომა იყო. 

„დამოუკიდებელი სასამართლო იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია და არავინ არ ახორციელებს ზეწოლას ახალი ხელისუფლებიდან ამ მოსამართლეებზე“ - ამბობს ზურაბ ადეიშვილი. 

იუსტიციის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს და ამბობს, რომ ის მომავალ წლებს განათლების სფეროს განვითარებას დაუთმობს. 

დღის ამბები