06 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
"გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა ყური" - "კურიერმა" ბიზნესმენ "გლობუსას" ჩვენება მოიპოვა

სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ - „კურიერმა" მოიპოვა ბიზნესმენ ირაკლი  გიორგობიანის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა - ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია.

ჩვენებაში გიორგობიანი, იგივე "გლობუსა" წერს, რომ თავდასხმა ფულის გამო მოხდა და კრიმინალური გარჩევა თბილისის საბავშვო ბაღების კვების კომპანია „ნილის“ 2 მილიონიან ვალს უკავშირდება.

„საღამოს 19 ვიმყოფებოდი თბილისი-ავჭალის გასასვლელ ხიდთან, სადაც შევხვდი ჩემს მეგობარს, სანდრო ყულოშვილს, მე და სანდრო ვსაუბრობდით პირად საქმეზე, რა დროსაც, მოულოდნელად ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამომიხსნა მის მხარეს ავტომობილის წინა მარცხენა კარი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, დამიწყო მუშტების დარტყმა თავის მიმართულებით. რაზეც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, წამიერად დავკარგე კიდეც გონება. მე თავი მქონდა დახრილი ქვემოთ, რა დროსაც, მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერი ტკივილი მარცხენა ყურის მიდამოში. მაშინვე წამოვწიე თავი, ვიგრძენი სისხლი მომდიოდა მარცხენა ყურიდან. ასევე შევნიშნე, სახე გასისხლიანებული ჰქონდა გიორგი ნინოშვილს“.

„მას შემდეგ, რაც გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური, იგი კვლავაც იწევდა ჩემი მიმართულებით, აგრძელებდა მუშტების დარტყმას, თუმცა შევძელი, დავძარი ავტომობილი და დავტოვე იქაურობა,“ - წერია გიორგობიანის ჩვენებაში.

ზაჰესის ხიდთან კრიმინალური თავდასხმის შემდეგ ირაკლი გიორგობიანმა ყური დაკარგა. ძლიერი სისხლდენის გამო, კლინიკაში საკუთრი მანქანით წავიდა. სამედიცინო დახმარება გიორგობიანს „ლანცეტში“ აღმოუჩინეს.

კომპანია „ნილი“ თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა იმის გამო, რომ მერიამ თითო ბავშვის კვებაზე მინიმალურ დაფინანსებას გამოყოფდა, კომპანია ასეთი დაბალი ფასით პროდუქციის ყიდვას ვერ ახერხებდა და გაკოტრების ზღვარზე მივიდა.  ბავშვებისთვის წარმოებული საკვების ფულს მოვალე კომპანიები მისგან ითხოვდნენ.

ჩვენებიდან დგინდება, რომ გიორგობიანს ჩასაფრება მოუწყეს და სისხლიანი გარჩევაც წინასწარ დაგეგმილი იყო. 

გიორგი ნინოშვილი დუმილის უფლება იყენებს და სისხლიანი გარჩევის დეტალებზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ბიზნესმენს ფულის გამო დავა ჰქონდა.

კლინიკა „ლანცეტიდან“ ირაკლი გიორგობიანი უკვე გაწერეს, თუმცა ის კამერების წინ არ ჩნდება.

 

დღის ამბები