05 მაისი 2024,   21:52
ვრცლად
საპატრიარქო დაპირისპირების გარეთ გამოტანას ერიდება - თეოლოგები სინოდის სხდომების გადადების მიზეზებზე საუბრობენ 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი დუმილის რეჟიმშია - თეოლოგები და ანალიტიკოსები  სასულიერო პირებს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ. თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქო დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანას ერიდება. 

მისი თქმით, ეკლესია იმართება რაღაც ადამიანების  ჯგუფით, რომელიც ცხოვრობს საპატრიარქოში და მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება ყველაფერი გადაწყვეტილების მიღება. 

„ბოლო სინოდებზეც იყო დაპირისპირებები, თუნდაც იგივე უკრაინის თემასთან დაკავშირებით, ჩვენთან არიან ეპისკოპოსები 15, თუ მეტი არა, რომლებიც მხარს უჭერენ და მათ გამოხატეს კიდეც ცალსახად გაცხადებულად ეს მხარდაჭერა. ვთქვათ, იგივე მოსაყდრის თემასთან დაკავშირებით იყო რაღაც დავა, არის კიდევ ვთქვათ, იგივე მამალაძის თემა, რომელზეც სხვა და სხვა ეპისკოპოსებმა თავისი აზრი დააფიქსირეს. ყველაფერ ამისი ეშინია იმ მცირე ჯგუფს, რომელიც საპატრიარქოშია და ამიტომ ცდილობენ ყველანაირად აარიდონ თავი სინოდის მოწვევას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ დაპირისპირებას. ეკლესია იმართება რაღაც ადამიანების  ჯგუფით, რომელიც ცხოვრობს საპატრიარქოში და მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება ყველაფერი გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

წმინდა სინოდის დუმილის მთავარ მიზეზად საპატრიარქოს ქონების გადანაწილების პროცესს ასახელებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. 

„პროცესს, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობს, ეს არის ქონების გადანაწილების საკითხი, რომელზედაც ამ წუთას მიდის ბრძოლა. ამ შემთხვევაში საუბარი არის პატრიარქის   ქონებაზეც, ეკლესიის ქონებაზეც და თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომ დადგეს აი, ამ ქონების სისტემატიზაციის საკითხი, ვთქვათ, სინოდზე და შესაბამისად, თუ ეს საკითხი დადგება, მერე უკვე ეს გადანაწილება გარკვეულწილად გაჭირდება და აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს სამდივნო აი, ამას გვერდს უვლის,“- განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

ეკლესიაში, მრევლში და ზოგადად ქვეყანაში დაგროვებული არაერთი მწვავე საკითხის მიუხედავად სინოდი გაზაფხულის სავალდებულო სხდომაზე არ შეკრებილა. საეკლესიო კანონის დარღვევასთან ერთად სინოდის უცნაური დუმილი კითხვებს საზოგადოებაშიც აჩენს.

სინოდის სხდომა გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ილია მეორეს ჯერჯერობით სინოდის შეკრება არ მოუწვევია. ბოლოს სინოდის სხდომა 28 დეკემბერს გაიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები