05 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
ე.წ. თათრების ბაზრობა პარალიზებულია - მოვაჭრეები გადასახადების მომატებას აპროტესტებენ

გაფიცული გარემოვაჭრეები და პარალიზებული ე.წ. „თათრების ბაზრობა“ -  შპს "ვარკეთილი 96" -ის მოვაჭრეები გადასახადების მომატებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, თითო დახლში აქამდე 150 ლარს იხდიდნენ, ადმინისტრაციამ კი ამ გადასახადის გაზრდა 200 ლარამდე გადაწყვიტა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში ამხელა გადასახადს ფიზიკურად ვერ გაწვდებიან.

მოვაჭრეებს ადმინისტრაციასთან ხელშეკრულებები დეკემბრის ბოლომდე აქვთ გაფორმებული. ისინი ითხოვენ, მომატებული ფასი ძალაში იანვრის თვიდან შევიდეს. თუმცა მათი თხოვნა ბაზრობის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა.

„ჩვენ გამოგვიყვანა გადასახადის მომატებამ ძირითადად. ისედაც რასაც ჰქვია გაჭირვებული პერიოდია, ამ დოლარის მომატებამ, ამ ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში უკვე ზედმეტია გადასახადის მომატება,“- განაცხადა ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ.

განმარტებებს აკეთებენ შპს "ვარკეთილი 96"-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელები. ვახტანგ ტაბატაძე გადასახადის მომატების მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება ასახელებს. მისი თქმით, ისინი მოვაჭრეების მდგომარეობაში შედიან და სწორედ ამიტომ გადასახადს 50 ლარის ნაცვლად მხოლოდ 20 ლარით გაუზრდიან. 

„ჩვენ ეს ყველაფერი ორი დღით ადრე გადავწყვიტეთ, დავგეგმეთ. დოლარი კურსიდან გამომდინარე, მოგვიწია თანხის დამატება მოიჯარეებზე. ეს თანხა რაც გამოვიდა დოლარის კურსიდან გამომდინარე, იყო ბევრად მეტი და შევეცადეთ, რომ მინიმუმზე დაგვეწია ეს ზღვარი და შევთავაზეთ ოცი ლარი თითო ადგილზე. ამან გამოიწვია უთანხმოება დაახლოებით 30 პროცენტზე. რავი, ჩვენ მეტი არ შეგვიძლია, მინიმალურს ვთავაზობთ. ვთავაზობთ უფრო უკეთეს, შიგნით მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის გაკეთებას და რაც მოთხოვნები აქვთ, ვცდილობთ, რომ ყველაფერი დავაკმაყოფილოთ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად,“- განაცხადა ვახტანგ ტაბატაძემ.

დღის ამბები