23 ოქტომბერი 2019,   08:04
ვრცლად
ქართული კომპანია ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა - ვაშინგტონი ჩამონათვალს აქვეყნებს 

ქართული კომპანია ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა - რამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც ვაშინგტონი სანქციებს უწესებს. მათ შორის არის თბილისში რეგისტრირებული კომპანია ქართული "პეტროქიმია და ავიატექნიკა."

ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული კომპანია შეეცადა უკანონოდ შეესყიდა აკრძალული პროდუქცია ირანისთვის. 

ამერიკული დოკუმენტაციით ცნობილი ხდება, რომ ეს კომპანია თბილისში, მოსკოვის გამზირის 35 ნომერში მდებარეობს. თუმცა, ადგილზე მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი დახვდა. 

საქმე ეხება ირანში პროდუქციის ექსპორტს, რაც ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია და რაც მისი მხრიდან სანქციების დაწესებას იწვევს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მსგავს ქმედებას განახორციელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს, ილინოისის შტატის სასამართლომ, ირანის მოქალაქის, საიდ დვალად ბეიგის მიმართ დაადგინა, რომ ის ამერიკული წარმოების მეტალურგიული პროდუქციის ექსპორტს ირანში ახორციელებდა. მის საკუთრებაში არსებობდა რამდენიმე კომპანია, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თბილისშია რეგისტრირებული. გარდა ამის, მას კომპანიები რეგისტრირებული ჰქონდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და მალაიზიაში.

2007 წელს, ირანის მოქალაქემ, საიდ დვალად ბეიგიმ, ამერიკაში მეტალორგიული პროდუქციის შეძენა სცადა და შემდგომ მისი ექსპერტი განეხორციელებინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, თუმცა ის ამერიკის საბაჟო დეპარტამენტმა დაბლოკა.

ირანის მოქალაქემ საქართველოში კომპანია 2008 წელს დაარეგისტრირა. ქართულმა კომპანიამ კი ილინიოსში მეტალურგიული კომპანიისგან შეიძინა ალუმინის მილები და საქართველოში მიღებული სასაქონლო პროდუქცია ექსპორტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოხვდა. აღნიშნული კი ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განმარტებებს არ აკეთებს. 

 

 

 

 

დღის ამბები