07 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
ვინც საჭიროა, ყველა ჩადის... არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს - ზოიძე გუგუტიანთკარში მთავრობის წევრების ჩასვლის მოთხოვნას პასუხობს

ბორდერიზაციის გაგრძელება გუგუტიანთარში - ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, აკაკი ზოიძე ეხმაურება.

ზოიძის თქმით, გუგუტიანთკარში განახლებული ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის მორიგი პროვოკაციაა, რასაც ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს.

„ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია,“ - ამბობს ზოიძე.

მმართველი გუნდის წევრისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა, რომ ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან და მოსახლეობას არ შეხვედრიან. ზოიძე ამბობს, რომ გუგუტიანთკარში ყველა საჭირო პირი იყო ჩასული.

„ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ... ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისგანაც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - განაცხადა ზოიძემ.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები