03 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
ცხოვრება ღია ცის ქვეშ - სენაკის მერიამ დანგრეული სახლის გასამაგრებლად ზაზა შურღაიას თუნუქის ფილები, 6 ცალი ფიცარი და ე.წ. შიფერი მისცა 

48 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე ავადმყოფი და სოციალურად დაუცველია, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ზაზა შურღაიას სენაკის მერიამ ამორტიზებული და ავარიული სახლის გადასახურად სამშენებლო მასალები მისცა, თუმცა სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება. ავარიული სახლი სენაკის სამხედრო ბაზიდან 150 მეტრში მდებარეობს.

ძლიერმა ქარმა შემოდგომაზე კედელი ჩამოანგრია და ზამთარი მან ფაქტობრივად ქუჩაში გაატარა. გაუსაძლის პირობებში ზაზა შურღაიას უმძიმესი დაავადება, მენინგიტი დაემართა. თავის ტვინის ანთებამ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ახლა უკვე ფიზიკური შრომაც უჭირს, საჭმელს კი მეზობლები რიგრიგობით აწვდიან.

სახლს არ აქვს კედელი, კარ-ფანჯარა, ამორტიზებულია საძირკველი, მაგრამ მას მერიამ მასალა მხოლოდ სახურავისთვის მისცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაზა შურღაიას ამით მუნიციპალიტეტში დასცინეს. არავინ იცის ავარიული საცხოვრებელი მას თავზე როდის ჩემოენგრევა.

ზაზა შურღაიას ცხოვრება ამ სახლში რომ სახიფათოა, ადასტურებენ სოციალურ სამსახურში. ისიც ზუსტად იციან, რომ მერიის დახმარება მის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, უწყებაში მის დასახმარებლად მზად არიან, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ.

48 წლის მამაკაცის ერთადერთი შემოსავალი 60 ლარიანი სოციალური დახმარებაა, თუმცა ეს თანხა მას აუცილებელი წამლებისთვისაც არ ჰყოფნის.

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები