27 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
„ჩვენ სამართლიანად გაბრაზებულები ვართ" - აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები  

აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები 90 დღის განმავლობაში მიმდინარე უპრეცედენტო საპროტესტო აქციის შესახებ საუბრობენ. რუსთაველის გამზირზე, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, გადაცემა „სირცხვილიაში“ იმ მთავარ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ გავიდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და საკუთარი პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს.

მათი თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც პროტესტის განცდა გაუჩინათ, გავრილოვის პარლამენტში მისვლა იყო, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.  

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ბაჯელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ საქმიანობაში შეცდომები არა მარტო 20 ივნისის შემდეგ ჰქონდა, არამედ მანამდეც არსებობს იმის საფუძველი, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა.

„გიორგი გახარიამ პირველივე დღეებიდან შეცდომები დაუშვა და არასდროს ქვეყნის სამსახურში არ მდგარა. 20 ივნისამდეც ბევრი შეცდომა ჰქონდა და იქამდეც ბევრი მიზეზი იყო, რომ საერთოდ წასულიყო თანამდებობიდან, არათუ დაწინაურებულიყო. მარგამ დროებითია ეს ყველაფერი და მანაც იცის, რომ დროებითია და პასუხი მოეთხოვება თავისი შეცდომების გამო“ - ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

გადაცემა „სირცხვილიაში“ ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, გახარია პირველივე დღეებში რომ გადამდგარიყო, ხელისუფლება შედარებით მსუბუქ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. თუმცა, მისი თქმით, 20 ივნისის ავტორი მთავრობა, ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებოდა. 

„20 ივნისის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა, ყველაფერი პირველ რიგში, მათ არ აწყობდათ. დღესაც ვსაუბრობდით, მეცხრე დღეს რომ გადამდგარიყო გახარია და ეთქვა, რომ მოდი გამოიძიონ ეს საქმე, ჩემგან დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ასე უფრო სამართლიანად ვხედავ... ივლისიდანვე დაეწყოთ ძალიან სასარგებლო რეფორმები, პროექტები, გამოემჟღავნებინათ გულწრფელი ნება, რომ ქვეყანაში რამე უკეთესი ყოფილიყო, ამ ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებოდა ვერც ერთ შემთხვევაში 20 ივნისის ავტორი მთავრობა და ოკუპანტთან ესეთ მჭიდრო თანამშრომლობაში არა ერთხელ გამომჟღავნებული, მაგრამ იმის საფუძველი მაინც ექნებოდათ, რომ საზოგადოებასთან რაღაცეებზე ესაუბრათ.... ქართულმა ოცნებამ, უბრალოდ რაღაც ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში შეიგდო თავი და ახლა ერთი წელი მათ საცოდაობას უნდა ვუყუროთ, როგორ ძალით ცდილობენ, თავი ისე დაიჭირონ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის“ - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

აქციის ორგანიზატორებმა მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი თქმით, პროტესტი ფორმას იცვლის, გეგმებთან დაკავშირებით კი, დეტალურ ინფორმაციას, 20 სექტემბერს გააცნობენ საზოგადოებას.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ოკუპაციას არასდროს შეეგუებიან.

„ჩვენ სამართლიანად გაბრაზებულები ვართ, თუმდაც მხოლოდ იმიტომ რომ გვყავს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავებული, 19 ადამიანი, რომელიც ელოდება გასამართლებას უმძიმესი მუხლებით, გვყავს 2 ადამიანი, რომელმაც თვალი დაკარგა“ - განაცხადა მარიამ ბაჯელიძემ.

აქციაზე მივიდა ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელმაც 20 ივნისის  დაკავებულების საქმეზე ისაუბრა. 

 

 

დღის ამბები