27 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
ენერგოოკუპაცია - "გაზპრომი" და "როსსეტი" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შემოდიან

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და "გაზპრომის"  მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერმა სანქტ-პეტერბურგში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც ე.წ სამხრეთ ოსეთის სოფლების გაზიფიკაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ინფორმაცია ამის შესახებ "გაზპრომის“ ვებგვერდზე გავრცელდა.

"გაზპრომმა" და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ხელშეკრულება 2010 წლის აპრილში გააფორმეს და ის 2029 წლამდე თანამშრომლობას გულისხმობს.

როგორც კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი, "გაზპრომმა" ე.წ სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების გენერალური სქემა შეიმუშავა, რომელიც 200-მდე დასახლებული პუნქტის გაზიფიკაციას, სოფლებს შორის 520 კმ სიგრძის და სოფლებში 370 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობას გულისხმობს.

გაზმომარაგების გარდა, რუსეთი ცდილობს, რომ რეგიონი ელექტროენერგიის მხრივაც უფრო დამოკიდებული გახადოს.

კომპანია "როსსეტი" "ჩრდილოეთ პორტალის" ქვესადგურიდან  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2020 წელს საკაბელო ხაზის მშენებლობას იწყებს, რომლის ინვესტიციაც 1.33 მილიარდ რუბლს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ  კომპანია ავრცელებს.

110 კვ ძაბვის ხაზის გაყვანა როკის გვირაბის გასწვრივ 4,5 კმ-ზე განხორციელდება.  მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს და 2020-2021 წლებში უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის რეგიონის ელექტრომომარაგება "ჩრდილოეთ პორტალი"- ჯავის საჰაერო ხაზით ხორციელდება.

დღის ამბები