26 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
"შეიძლება ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა" - ვარკეთილში, ავარიულ კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანეს 

ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს. საუბარია  ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოზე, რომელიც დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი გროვდებოდა, რის გამოც კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა.

მოსახლეობამ ამ ფაქტის შესახებ გამგეობას და სამაშველო სამსახურს შეატყობინა, რომელთაც აღნიშნეს, რომ კორპუსი საცხოვრებლად საშიშია.  

"პადვალში იყო წყალი თითქმის და გამოეთხარა საძირკველი მთლიანად. ძირითადად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო მერვე და მეცხრე პადიეზდი. თანდათან, ნელ-ნელა სკდებოდა კედლები მთლიანად.... შუაზე იპობოდა ოთახების კედლები და დავრეკეთ 112-ში და პატრულში და მოვიდნენ. თითქმის კიბეებიც გამოცლილი იყო უკვე, აღარ ჰქონდა უკვე არავითარი საყრდენი კიბეებსაც და შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან დიდი მსხვერპლი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კორპუსი 9 სადარბაზოსგან შედგება, აქედან დღეს მერვე სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. 

მოსახლეობა სასტუმროებში მანამდე დარჩება, სანამ კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები არ ჩაუტარდება.  

 

დღის ამბები