03 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
ევაკუირებული კორპუსი

ვარკეთილში ავარიული კორპუსიდან 18 ოჯახი ევაკუირებულია. 45 ადამიანი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. დედაქალაქის მთავრობამ აღიარა, რომ შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. როგორც ირკვევა, კორპუსი რამდენიმე თვის წინ სპეციალისტებმაც შეამოწმეს, მაგრამ 18-ვე ოჯახს კორპუსში დარჩენის უფლება მისცეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს ისიც თქვა, რომ გამაგრებით სამუშაოებს აპირებდა, მაგრამ გეგმით გაწერილ ვადებში.

28 სექტემბრის საღამოს გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, დაზარალებულებმა მხოლოდ დღეს, დღის პირველ ნახევარში შეძლეს საკუთარ სახლებში შესვლა და პირველადი საჭიროების ნივთების გამოტანა. საცხოვრებელი კორპუსის არამდგრადობის გამო მაშველებმა მოქალაქეები ბინებში სპეციალური აღჭურვილობით შეუშვეს. უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერებული იყო გამაგრებითი სამუშაოები.

დაზიანებული კიბის უჯრედი, წყლით სავსე საძირკველი და დაბზარული კედლები - უკვე წლებია ეს პრობლემა ვარკეთილის 322-ე კორპუსის მე-8  სადარბაზოს აწუხებს. სანამ საცხოვრებელი ბინების დაცლა მოუწევდათ, კორპუსის მაცხოვრებლებმა  გამგეობაში არაერთი წერილი შეიტანეს. მოსახლეობის თქმით, გამგეობაში მიმართვის შემდეგ საცხოვრებელი შემოწმდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ევაკუაციამდე არ ჩატარებულა.

ევაკუირებული საცხოვრებელი სახლის  სადარბაზოს კედლები თითქმის სულ დაბზარულია, დაზიანებულია კიბის უჯრედიც. ადგილობრივები ახლა სპეციალისტების მისვლას და სახლის მდგრადობის შეფასებას ელოდებიან.

გუშინ ევაკუირებული სადარბაზოს გარდა, ბზარები და დაზიანებული საყრდენი კედელი მეორე სადარბაზოს თითქმის ყველა ბინაშიც შეიმჩნევა. ადგილობრივების თქმით, თუ სადარბაზოს დროულად და საფუძვლიანად არ შეისწავლიან, შესაძლოა, საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მათაც მოუწიოთ.

შემთხვევის ადგილას მერიის წარმომადგენლები, სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა გამგებელიც. ადგილზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც მივიდა.

ევაკუირებული შენობის შესახებ სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ხვალ დადებენ. ამის შემდეგ გაირკვევა, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლის გამაგრებას და როდის დაბრუნდებიან ოჯახები საკუთარ ბინებში.

ამავე თემაზე
დღის ამბები