27 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
"ვის შევადარე თავი.... ძაან მომეწონა..." - ზაზა თავაძეს საკუთარი ტექსტი თომას ჯეფერსონის დაწერილი ეგონა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ ზაზა თავაძეს პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობაზე ტექსტი წაუკითხა და ჰკითხა თუ ახსოვდა ვინ იყო ამ მოსაზრების ავტორი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას აპირებს, უპასუხა, რომ ეს ტექსტი სავარაუდოდ აშშ-ის მე-3 პრეზიდენტს თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა. როგორც მშვენიერაძის პასუხიდან გახდა ცნობილი, ტექსტის ავტორი არა ჯეფერსონი, არამედ თავად ზაზა თავაძე იყო.

"პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება გამოხატონ თავისი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებითა და ღირებულებებით, თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამორიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე. თუმცა, იმისთვის რომ პოლიტიკური პლურალიზმი იქნეს უზრუნველყოფილი აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში მისი არსებობის საშუალებას იძლევა."- წაიკითხა გიორგი მშვენიერაძემ ეს მოსაზრება და მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ხომ არ იცოდა ვინ არის ამ ტექსტის ავტორი.

"თომას ჯეფერსონი?!"- უპასუხა ზაზა

"არა, თქვენ ხართ ბატონო ზაზა, მომხსენებელი მოსამართლე იყავით ამ საქმის,"- მიმართა მშვენიერაძემ თავაძეს.

"ვის შევადარე თავი.... ძაან მომეწონა..."- აღნიშნა თავაძემ.

დღის ამბები