27 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
ილია ჯიშკარიანი ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს სდებს ბრალს - დაზარალებული კი ჯიშკარიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ურთიერთბრალდებების ახალი სერია. ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალი, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად ოფიციალურად სცნო დეპუტატზე მან იძალადა, მოტივი კი შურისძიება იყო.

"თამთა თოდაძემ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ბატონ ილია ჯიშკარიანის და სხვა მოწმეების ჩვენებებით ბოლომდე დალია და დათვრა და ამბობდა, რომ ეს სამსახური, რომელიც არის დაბალ ანაზღაურებადი თითქმის შეუფერებელია და აუცილებელად უნდა ყოფილიყო დაწინაურებული, პირდაპირ ლანძღვაზე და ძალადობაზე გადავიდა, ხელით ყრიდა ნივთებს რაზეც ბატონი ილია მივიდა და იძალადა ბატონ ილიაზე, სილა გაულაწუნა მარცხენა ლოყაზე ბატონ ილიას და ამ მოგერიებაში ხელებს უკავებდა ბატონი ილია,"- აცხადებს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ოთარ სუყაშვილი.

თამთა თოდაძის ადვოკატი კი დაცვის მხარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

"თამთა თოდაძე არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში, ამას ადასტურებს სისხლის სამართლის მასალებში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ასევე სასწრაფოს მიერ შედგენილი ოქმი. ბატონი ჯიშკარიანი ცდილობს თავი დაიძვრინოს როგორც ყველა მოძალადე ცდილობს თავის დანაშაული დააბრალოს მსხვერპლს,"-უთხრა "კურიერს" თამთა თოდაძის უფლებადამცველმა თამარ ლუკავამ.

სკანდალს კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი გამოძიება ილია ჯიშკარიანის ბრალეულობას არ დაადასტურებს, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს.

გამოძიება დეპუტატს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად სცნო.

დღის ამბები