14 ნოემბერი 2019,   02:06
ვრცლად
საცხოვრებელი ფართები, ახალი კომისიის შექმნა და მინისტრის გადადგომა - ორად გაყოფილი დევნილთა პროტესტი საერთო მოთხოვნებით გრძელდება

პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროში ამჯერად ორ ჯგუფად გრძელდება. შენობის გარეთ კვლავ კარავია გაშლილი, დევნილთა ნაწილი კი უკვე 26 დღეა უწყების ფოიეში ცხოვრობს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც დევნილები აცხადებენ, კომისია, რომელიც საცხოვრებელი ფართების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი, კორუმპირებულია. ბრალდებებს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა.

ოცდამეექვსე დღეს დევნილთა პროტესტი ორად გაიყო, ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში და მინის მიღმა. მართალია მათ შუშის კედელი ყოფს, მაგრამ მოთხოვნები აერთიანებთ - საცხოვრებელი ფართები, ახალი კომისიის შექმნა და მინისტრის გადადგომა.

"ჩვენ არ დავთმობთ გამორიცხულია, უბრალოდ ნახევარი გუშინ ძალით გაიყვანეს გარეთ," - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

კიდევ ერთი დევნილი ეჭვობს, რომ კრიტერიუმები გარკვეულ ადამიანებზეა მორგებული:

"სიაში ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა და ისინი გვიერთდებიან, ამიტომ ჯობია დროზე მოგვხედონ. ეს ქულა და კრიტერიუმები მათზეა მორგებული, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავეწიოთ, თუ სოცდაუცველი ვარ, ომის ვეტერანი მყავს, მცირეწლოვანი მყავს, მეტი რაღა..."

მზია ფაცულიამ გაჭირვების გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მან ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში 7 დღე იშიმშილა. მერვე დღეს მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ახლა კი გაწეული დახმარებისთვის თანხა აქვს გადასახდელი.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ კარავში გაატარეს. მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულთა სია გამოქვეყნდა, სამინისტროს შენობაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანებების მიყენებაც სცადა, პოლიციამ დევნილთა ნაწილი შენობიდან გამოიყვანა და უკან აღარ შეუშვა. შენობაში დარჩენილები კი გარეთ სამშაბათამდე, დასვენების დღეების დასრულებამდე ვერ გამოვლენ.

დღეს დევნილებს აღარ შეხვედრია მინისტრის მოადგილე, მაგრამ პასუხი სატელევიზიო ინტერვიუთი გასცა.

მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ პროტესტის მონაწილე დევნილებს ბინებით დაკმაყოფილება ეკუთვნით, მაგრამ იმასაც განმარტავს, რომ ყველას უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის.

"მესმის რომ მათ კანონით ეკუთვნით მაგრამ ყველა დევნილის დასაკმაყოფილებლად საჭიროა 2 მილიონ ლარამდე, რაც ბიუჯეტში არ არის. მე დეტალურად განვუმარტე ეს, მაგრამ ამის მოსმენა არ უნდათ,"- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა

დევნილები პროტესტს აგრძელებენ და არ აპირებენ დატოვონ სამინისტროს შენობა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები