07 მაისი 2024,   00:50
ვრცლად
100 წლოვანი ავარიული შენობა, საერთო სველი წერტილი და ბუნებრივი აირის გარეშე მყოფი დევნილი ოჯახები

სოფელ რუხში, ნგრევის პირას მისულ, 100 წლოვანი სკოლის შენობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული,  4 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

დაბზარული კედლები, კიბეები, შენობის დაზიანებული საძირკველი და სახურავი, საიდანაც წვიმის დროს, წყალი ოთახებში ჩადის. ადგილობრივ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე 25 წელია ასეთ მდგომარეობაში უწევთ არსებობა.

თითქმის დანგრეულ შენობაში, ვალერი მებონია, 97 წლის დედას უვლის.  მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და პენსიაა. უსახსრობის გამო, ოთახში სადაც მძიმე ავადმყოფი წევს საჭირო პირობების შექმნას ვერ ახერხებს.

საჭკადოუს მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. შენობის ავარიულობის გამო ოჯახებს არ აქვთ ბუნებრივი აირი, სარგებლობენ საერთო სველი წერტილით და წყალს 300 მეტრის მოშორებით ჭიდან ეზიდებიან.

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, ადგილობრივ მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა,  უშედეგოდ.  

საჭკადუოს დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა “კურიერთან“  ყვება, რომ შენობას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომზადებული დასკვნის მიხედვით კი  მიტოვებული სკოლა ავარიულია, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს. ჩატარებული ექსპერტიზისა და მძიმე დასკვნის მიუხედავად, უკვე მესამე წელია, რაც ადგილობრივები ისევ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ.

საჭკადუოს დასახლებაში მცხოვრები დევნილები შიშობენ,  რომ ნახევრად დანგერულ შენობაში, ზამთარს ვერ გადაიტანენ. სოცილურად დაუცველი 4 ოჯახი ხელისუფლებას დროებითი საცხორვებელი ფართის გამოყოფას სთხოვენ.

დღის ამბები