16 ნოემბერი 2019,   05:08
ვრცლად
მიწისძვრა, ტაიფუნი, წყალდიდობა - იაპონიაში ძლიერი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. გარდაცვლილია 33, დაკარგულია 18 ადამიანი. ტაიფუნი "ჰაგიბისის" შემდეგ იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მდინარეები ადიდდა. ყველაზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მეწყერებმა შეიწირა.

მსგავსი სიძლიერის სტიქია იაპონიაში ბოლო 60 წელია არ ყოფილა. ტოკიოს სიახლოვეს ჯერ მიწისძვრა მოხდა, ამის შემდეგ იაპონიის სანაპიროებთან ბოლო ათწლეულებში ყველაზე დიდი ტალღები დაფიქსირდა. მიწისძვრას ტაიფუნი "ჰაგიბისი" მოჰყვა. ძლიერმა ქარმა ავტომობილები გადააბრუნა, ტაიფუნის პირველი მსხვერპლიც ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი გახდა. ქვეყნის 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში, განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

იაპონიის მთავრობის მდივან იოშიჰიდე სუგას ინფორმაციით, ხელისუფლებამ 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

"არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, რომლებიც თავიანთი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. არიან დაზარალებულები, მათ დასახმარებლად მაშველები გავუშვით,” - აღნიშნა იაპონიის მთავრობის მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ.

ტაიფუნს ძლიერი წვიმა და წყალდიდობა მოჰყვა. ადიდდა 9 მდინარე. ფუკუსიმაში საცხოვრებელი რაიონები დაიტბორა, სახლები მთლიანად წყალში აღმოჩნდნენ, მაშველებმა მოსახლეობა ნავებით და ვერტმფრენებით გამოიყვანეს. წყალში აღმოჩდნენ ჩქაროსნული მატარებლები, რკინიგზა ამ დრომდე პარალიზებულია.

"წყალი უეცრად მოვარდა, დატბორა პირველი სართული, სახლში ბნელოდა, ძალიან შემეშინდა, მეგონა ეს ყველაფერი დასასრული იყო,” - აცხადებს დაზარალებული.

ყველაზე მეტი ადამიანი წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაიღუპა. მეწყერმა ჩაიტანა საცხოვრებელი სახლები. ტაიფუნის  გამო რაგბის მსოფლიო თასის მატჩები გადაიდო, რაგბის კანადელი მოთამაშეები სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქუჩაში გავიდნენ. იაპონიის მოსახლეობა კიდევ ერთმა იშვიათმა ბუნებრივმა მოვლენამ შეაშინა. ტაიფუნამდე ცა იასამნისფრად შეიღება.

დღის ამბები