14 დეკემბერი 2019,   14:55
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება

მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის პოლიტიკური ინდულგენციების გაცემა დაუშვებელია - ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია გიგა ბოკერიას განცხადებას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველას ციხეში გაშვება დაუშვებელია, თუმცა ისიც არასწორია თუკი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სამოხელეო დანაშაულებისთვის არ დაისჯებიან.

"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვითარება, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკური რევანშით ემუქრება, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა. უსუფაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვა ტიპის შურის​​ძიებები მოჰყვება, რაც აუცილებლად თავიდან უნდა ავიცილოთ. 

"ჩვენ პირველად გვაქვს ვითარება ქვეყანაში, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლება ემუქრება პოლიტიკური რევანშით. ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ მომხდარა ამ 30 წლის განმავლობაში. აი ამ პოლიტიკური რევანშის მუქარას, ბუნებრივია, მოჰყვება იმ ტიპის განცდები, რომ იქნება სხვა ტიპის შურისძიებებიც. ეს ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ მე არა მგონია, რომ  სწორი იქნება დღეს გამოცხადდეს, რომ ყველა ვისაც რამე დანაშაული ექნება ჩადენილი, იქნება პატიებული," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებების ცვლა პოლიტიკური ანგარიშსწორებებისგან თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა არა მსგავსი ფორმით.

"არც მაშინ იყვნენ მართლები, როცა ამბობდნენ "ყველანი ციხეში", არც ახლა არის სიმართლე, რომ "არავინ ციხეში". წინასწარ მოქმედ ხელისუფლებას უთხრა, რომ თქვენ პოლიტიკური კლასი არ აგებთ პასუხს, მიმაჩნია, რომ არ არის მთლად ზუსტი, თორემ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავისუფალი უნდა იყოს ხელისუფლებების ცვლილება," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკაში ყოფნა მისთვის იმუნიტეტი არ არის. 

"წინასწარი ამნისტირება იმ დანაშაულის, რაც შეიძლება ხვალ ჩაიდინოს ადამიანმა, მე ამის უფლება არ მაქვს. მომავალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ არის ჩემთვის იმუნიტეტი, რომ ხვალ ვინც შეცვლის ხელისუფლებას ის აღარ გამოიძიებს და ა.შ. თორემ კორუფცია გაგვექცევა, ადამიანის უფლებებსაც ყოველთვის დაარღვევენ თუ ჩვენ ამ მანკიერ პრაქტიკას დავთესთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, როდესაც ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი აგებს პასუხს თავიანთ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც მაშინ აღდგება. 

"ჩვენ მაშინ გვექნება სახელმწიფო, მაშინ აღვდგებით ტერიტორიულად, სულიერად და სივრცულად, როდესაც ყველა თანამდებობის პირი აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. დაპირისპირების მიზეზი გახლავთ ის, რომ ივანიშვილს ცეცხლივით ეშინია პასუხისმგებლობის. ეს ასე ვთქვათ საპრობაციოდ გამოშვებული ნარატივია, რათა გაიგოს აი ამ სამარცხვინო არსებამ ვინ აპატიებს ჩადენილ ისტორიულ დანაშაულებებს და ვინ არა. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენ არც მას და არც წინამორბედებს მისას არ ვაპატიებთ იმას, რაც დაუშავეს ქვეყანას," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები