14 ნოემბერი 2019,   02:09
ვრცლად
სუსის ხელმძღვანელის პოსტი - ოპოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს 

დეპუტატებმა სუსის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ. ოპოზიცია ლილუაშვილს მხარს არ დაუჭერს და პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ძალოვანი უწყების პოლიტიზირებას ცდილობს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სუსის მთელი რესურსი ოპოზიციის დევნასა და შანტაჟზეა მიმართული. 

"სუსი არის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი, მათი ფინანსური, ადმინისტრაციული, ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი მიმართულია ოპოზიციის დევნაზე, შანტაჟზე, ოპოზიციის მომხრეების დაშინებაზე.... ყველა რაიონში იციან, ვინ ვისი მომხრეა და შემდეგ მიდის წერტილოვანი დამუშავება ფულით, მოსყიდვით, შანტაჟით, ნათესავების მიგზავნით, სამუშაოდან გაგდების შიშით და ა.შ.“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივან გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, გრიგოლ ლილუაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული.

"იგი დაჟინებით იცავს გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილებას, იგი დაჟინებით ამბობს, რომ გავრილოვი აფხაზეთში არაფერში არ მონაწილეობდა. იგი არაფრად აგდებს ლიტვის და ესტონეთის უშიშროების სამსახურების შეფასებას, ამ ე.წ. მართლმადიდებლობის ასამბლეისა, რომელიც სინამდვილეში არის ქრისტიანობას ამოფარებული რუსული პროპაგანდისტული პლატფორმა. იგი ანგარიშვალდებულია რეალურად იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის არჩეული, რომელიც ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. ივანიშვილს ვგულისხმობ,“-  განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მმართველ გუნდში კი ლილუაშვილის კვალიფიციურობაზე აკეთებენ აქცენტს. 

"ბიძინა ივანიშვილთან ვართ გარკვეულწილად ყველა დაკავშირებული, ვინაიდან, მის გარშემო შეიკრა გუნდი და ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსი და გრიგოლ ლილუაშვილი რაიმე სახით არ იქნება ისეთივე თანამდგომი ჩვენი ოპონენტების, როდესაც მათ ინტერესს ეხება საკითხი. მთავარი საკითხი, არ დაგვავიწყდეს, არის ეროვნული უსაფრთხოების თემა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

დღის ამბები