27 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად თურქეთ-სირიის საზღვარზე სროლის ხმა ისევ ისმის

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რამდენიმე საათიანი ვიზიტის შემდეგ თურქეთმა სირიის საზღვარზე ცეცხლი შეწყვიტა.

ანკარასა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთ-სირიის საზღვარზე სროლის ხმა ისევ ისმის. სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით, თურქეთი ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებს და ჩრდილოეთ სირიაზე შეტევებს განაგრძობს. ბრალდებას უარყოფს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მედიაში კი ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სირიის ქალაქ რას ელ-ეინში აფეთქებებია.

თურქეთ-სირიის საზღვარზე ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან თურქეთ-ქურთების დაპირისპირება ბავშვების ჩხუბს შეადარა, რომელთა გაშველება ამერიკამ წარმატებით მოახერხა.

სიტუაციის ამგვარ შეფასებას ნაადრევს უწოდებენ კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირები. სირიელი და ქურთი დევნილები ამბობენ, რომ სახლებში არ დაბრუნდებიან, სანამ უსაფრთხოების სრული გარანტია არ ექნებათ. მშვიდობიანი მოქალაქეების ბედით შეშფოთებულია გაერო.

ოპერაცია "მშვიდობის წყარო" ანკარამ 9 ოქტომბერს დაიწყო. რამდენიმედღიან იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებშიც. ერდოღანის თქმით, მისი მიზანია ჩრდილოეთ სირიიდან "სახალხო დაცვის შენაერთი" და "ქურთისტანის მუშათა პარტია" გავიდნენ, შეიქმნას უსაფრთხო ზონა, სადაც 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი დასახლდება.

თურქეთ-სირიის საზღვარზე კონფლიქტის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება, ამიტომ ეს სოჭში პუტინ-ერდოღანისა და ვაშინგტონში ერდოღან-ტრამპის შეხვედრების მთავარი თემა იქნება.

დღის ამბები