27 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
"აფეთქების საფრთხეები დედაქალაქში" - ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალი

აფეთქებების საფრთხეები დედაქალაქში, გამკაცრებული რეგულაციების გარეშე დარჩენილი დედაქალაქი; რომელია თბილისის ყველაზე საშიში უბნები - "თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს.

თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: სანზონა, ვაზისუბანი, გლდანი, ჩუღურეთი, ისანი და სამგორის რაიონები.

კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე,” - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გარდა ამისა,  "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, სადაც გუშინ 16-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, "თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

გაზით აფეთქების საფრთხის წინაშე მიცკევიჩის 4 ნომერში მდებარე  კორპუსიც რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა. ადგილობრივებს ბუნებრივი აირის სუნი ყოველდღიურად აწუხებდათ, თუმცა პრობლემას ყველაზე მძაფრად ერთ-ერთი ადგილობრივი ლიკა შავგულიძის ოჯახი გრძნობდა.

მისი ინფორმაციით, მეზობლის მომიჯნავე აივანზე დამონტაჟებული გაზის მრიცხველი დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ჟონავდა. ამ პერიოდში ”თბილისი ენერჯის” რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემა ვერ მოაგვარეს. გაზის მიწოდების შეზღუდვის გადაწყვეტილება ”თბილისი ენერჯიმ” მას შემდეგ მიიღო, როდესაც ბუნებრივი აირით კორპუსის ჩამონგრევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ჩაჭრის ფაქტს, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი შეესწრო. კომპანია ”თბილისი ენერჯის” მოთხოვნის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლის გამოყენებას მაინც განაგრძობს.

ისანი, ვაზისუბანი, სამგორი და ნაძალადევი - ”თბილისი ენერჯი” დედაქალაქის რაიონებიდან ყველაზე სახიფათო უბნებს ასახელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ,  სტატისტიკის მიხედვით, კუსტარულად დამზადებულ წყალგამაცხელებლებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ რაიონებში ვხვდებით.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური ხვალიდან აქტიურ კამპანიას დაიწყებს.

გურამიშვილის 34 ნომერში მომხდარი ფაქტი საცხოვრებელ კოპრუსში გაზის გაჟონვისა და აფეთქების პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ დიღმის მასივში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 8 ადამიანი. კიდევ უფრო ადრე ანალოგიურ შემთხვევას დიდ დიღომში 4 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატისტიკურად გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებების ფონზე, კიდევ უფრო მძიმეა მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები.

დღის ამბები