11 დეკემბერი 2019,   21:17
ვრცლად
ჰესების შეჩერებული მშენებლობა - გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია 

ჰესების შეჩერებული მშენებლობები ქვეყანაში - "სემეკის" ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია იმ შედეგზე საუბრობს, რაც შესაძლოა ჰესების პროექტის შეჩერებას მოჰყვეს. დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს.

დღეს "კურიერი" ლენტეხსა და პანკისში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჰიდროელექტროსადგური მათ პრობლემებს შეუქმნის და კონკრეტული საფრთხეების წინაშე დააყენებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ხეობის უხუცესები ისევ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჰესებს არ აშენებინებენ. ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. სჯერათ, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მათ სოფლებს ზიანს მოუტანს.

ჰესის მშენებლობა შეჩერებულია ლენტეხშიც. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ შეწყდა.თუკი ადგილობრივების პროტესტი გაგრძელდება და ჰესებიც აღარ აშენდება, სემეკის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსახლეობა ამას მალე საკუთარ თავზე იგრძნობს. დავით ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებას ვარაუდობს.

"სემეკის" ახალი ხელმძღვანელის ახალი განცხადება დღეს ოპოზიციამ გააკრიტიკა. დეპუტატები ამბობენ, რომ ელექტროენერგიას გააძვირებს არა ჰესების მშენებლობის შეჩერება, არამედ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" 7 წლის წინ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებებასაც ახსენებს.

ელექტროენერგიაზე ტარიფის განახევრების დაპირებით ხელისუფლებაში მოსული მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დენზე ტარიფის ზრდა რეალისტური პროგნოზია, იმ შემთხევევაში თუკი ჰიდროელექტროსადგურები დროულად არ აშენდება.

ტარიფების ზრდას უახლოეს მომავალში არ ელის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. თუმცა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოქმედს აკრიტიკებს და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმას უწუნებს.

რაც შეეხება, გარემოსდამცველები კი ხელისუფლებას ურჩევენ, მიდგომა შეცვალოს და მხოლოდ მსხვილ ჰიდროელექტრსადგურებზე არ იყოს დამოკიდებული. ნინო ჩხობაძე ევროპული ქვეყნების მაგალითზე საუბრობს და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ ვარიანტებზე აკეთებს აქცენტს

ცნობისთვის, ახალი ჰესების აშენების შემთხვევაში საქართველო წლიურად 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.

დღის ამბები