27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
დაიწყება თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებზე?!

დაიწყება თუ არა გამოძიება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ხმაურიან ბრალდებებთან დაკავშირებით -  მაღალი რანგის სასულიერო პირები წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის მოლოდინში არიან.

კიდევ უფრო დიდ სკანდალს აანონსებს დაკავებული გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე და ხმაურიან განცხადებას მსჯავრდებული დეკანოზის უდანაშაულობის მორიგ დასტურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, მეუფე იაკობს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებენ.

მეუფე პეტრეს შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეხმაურება. მას სკანდალური ბრალდებების შეფასება არ სურს და ამბობს, რომ საკითხი სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ. როგორც მეუფე გრიგოლი ამბობს, თავად პატრიარქის წინააღმდეგ არცერთ კონსპირაციულ შეხვედრაში არ მონაწილეობდა.

მეუფე პეტრემ კი, პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებებს დღეს კიდვე ერთხელ უწოდა ბოდვა და ცილისწამება. ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე იაკობის საპატრიარქოდან ჩამოშორების საკითხზე საუბრობს და განვითარებულ მოვლენებზე კი პასუხისმგებლობას ილია მეორეს აკისრებს.

სამების ტაძარში დღევანდელმა საკვირაო წირვამ ილია მეორის გარეშე ჩაიარა. სამებაში დღეს არც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო გამოჩენილა. მრევლს არქიმანდირტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა, თუმცა არსებულ დაპირისპირებას ქადაგებაში ვერც ის გაექცა.

პატრიარქი სამებაში ჯანმრთელობის მდგოამრეობის გაურესების გამო ვერ მივიდა. მიზეზი სეზონური ვირუსული ინფექციაა. პირადი ექიმის რეკომენდაციით ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ საპატრიარქოში გავლენების გადანაწილების მსხვერპლია, ამაში დარწმუნებულია მისი უფლებადამცველი მიხეილ რამიშიშვილი. როგორც საუკუნის საქმის ადვოკატი ამბობს, ბოდბელი ეპისკოპოსის მონათხრობით დეკანოზის უდანაშაულობა კიდევ ერთხელ მტკიცდება. მსჯავრდებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველი პროკურატურას გამოძიების უსწრაფესად დაწყების მოთხოვნით მიმართავს, პრეზიდენტს კი დეკანოზის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ თეოლოგებიც. სპეციალისტები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათივე შეფასებით, საპატრიარქოში კრიზისია და მეუფე იაკობის აღიარებამ  დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სკანდალური აღიარების შემდეგ, ეკლესიის პრობლემებზე ალაპარაკდნენ სასულიერო პირებიც. მათი ნაწილი საპატრიარქოს მწვავედ აკრიტიკებს და პატრიარქს წმინდა სინოდის დათხოვნისკენ მოუწოდებს.

დაიწყება თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებებზე - პროკურატურა კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებს.

ცნობისთვის, პატრიარქის წინაღმდეგ შეთქმულებაზე მეუფე იაკობი გუშინ ალაპარაკდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ილია მეორის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება გიორგი გახარიას, გიორგი კვირკიაშვილსა და ვახტანგ გომელაურს სურდათ. გეგმა კი ბიძინა ივანიშვილის დავალებითა და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით კვირიკაშვილის კაბინეტში განიხილებოდა. მეუფის მტკიცებით, ამის შესახებ იცოდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმაც.

დღის ამბები