26 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
ელექტრონული ზედამხედველობა, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემამცირებელი მექანიზმი - შსს ახალი ინიციატივა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელმაც ქალებზე ძალადობის ფაქტები უნდა შეამციროს - სიახლის წარდგენა პარლამენტის ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე მოხდება. ინიციატივა ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონულ ზედამხედველობას გულისხმობს. სიახლის მიხედვით, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს.

მოქალაქე თალიკო თხელიძემ 5 წლის წინ მოძალადისგან საკუთარი შვილის დაცვა ვერ შეძლო, თუმცა იმედი აქვს, რომ ქალებს ძალადობისგან ახლა მაინც დაიცავენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მაკა წივწივაძეს მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. შემთხვევამდე კი, დედა-შვილი პოლიციის განყოფილებაში განცხადების დასაწერად არაერთხელ მივიდა, თუმცა მოძალადე ყოფილი ქმრის შეჩერება პოლიციამ მაშინ ვერ შეძლო.

მსხვერპლს მოძალადისგან ხშირად შემაკავებელი ორდერი რომ ვერ იცავს, ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროც დარწმუნდა. უწყებამ დაცვის ახალი მექანიზმი შეიმუშავა.

ამ ელექტრო-მაკონტროლებელს სამართალდამცავი შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოიყენებს. მოწყობილობა მსხვერპლ ქალს გადაეცემა, ხოლო სამაჯურს მოძალადეს დაუმონტაჟებენ. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100 ელექტრო-მაკონტროლებელი უკვე შეიძინა.

იმ შემთხვევაში თუ ქალზე მოძალადის მიმართ უკვე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, თუმცა არსებობს  ძალადობის განმეორებით ჩადენის საფრთხე, მაშინ საქმის მწარმოებელი საამრთალდამცავი უფლებამოსილია ელექტროსამაჯურით გააკონტროლოს მოძალადის გადაადგილება, რათა ის მსხვერპლთან მაქსიმალურად შორს იყოს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. ელექტრონულ ზედამხედველობას პოლიციელი შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით განახორციელებს.

 სტატისტიკის მიხედვით, ძალოვანმა უწყებამ წელს, 9 თვის განმავლობაში 7.762 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ ბევრია. ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია მოძალადეების მხრიდან  დაწესებული შეზღუდების დარღვევის რაოდენობა.

შემაკავებელი ორდერის შემდეგ საქმე, სისხლის სამართლებრივ დევნაში გადავიდა 3.301 შემთხვევაზე, პასუხისგებაში მიეცა 2.464.

ელექტროსამაჯურებით მოძალადეების გაკონტროლების მნიშვნელობაზე დიდი ხანია საუბრობენ ქალებზე ძალადობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ელექტრო-კონტროლის მექანიზმის დროულად ამუშავების შემთხვევაში, ბოლო დროის მომხდარი ძალადობის ფაქტების უმეტესობა თავიდან იქნებოდა აცილებული.

ბოლო პერიოდში ქალზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. მოძალადე მამაკაცების უმრავლესობას შემაკავებელი ორდერი არაერთხელ ჰქონდათ გამოწერილი, ისინი ცოლზე ან მეგობარ ქალზე ძალადობდნენ, შემთხვევების უმეტესობა მსხვერპლით დასრულდა, მათ შორის ხაშურში მოხდარი მკვლელობაა, მეუღლემ ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მანამდე ვაკეში მამაკაცმა შურიძიების მიზნით ქალს, შვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოუკლა.

„ქალებზე ძალადობის პრევენცია“ - ასე აფასებენ უმრავლესობის დეპუტატები ელექტრო სამაჯურის პრაქტიკაში დანერგვას. კანონპროექტს მხარს დაუჭერს ოპოზიციაც, თუმცა შენიშვნებიც აქვთ.

საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ელექტრო სამაჯურებით მონიტორინგი 1 დეკემბრამდე ამოქმედდება. ზედამხედველობას პოლიცია მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებს, იმ შემთხვევაში თუ ქალზე მოძალადე პირი საზღვრებს გარეთ გადავა მაშინ ელექტრო კონტროლი შეწყდება.

 

 

 

დღის ამბები