27 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში საგანგაშო მაჩვენებელსა და სტატისტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ საკითხზე დროული რეაგირება არ მოხდება, უკიდურეს ზომებს მიმართავენ და აქციებს დაიწყებენ. 

"ივლისიდან დღემდე სუიციდის 15 ფაქტი მოხდა. სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით 9 თვის მანძილზე დამუშავებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტის საკომიტეტო და შემდეგ უკვე საპარლამენტო განხილვა,"- აცხადებს ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე.

"დაახლოებით 700 000 ადამიანი ყოველდღიურად თანამაშობს "ონლაინ" რეჟიმში აზარტულ თამაშებს. მათი უმრავლესობა არის დამოკიდებული და სერიოზული ქცევითი პრობლემა აქვს ჯანმრთელობის კუთხით. სწრაფად და ეფექტურად თუ გვინდა ამ პრობლემას მივხედოთ, უნდა მოხდეს თამაშების რეკლამის და სპონსორობის აკრძალვა,"-განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი შენი შვილი" წევრმა გიორგი ბახტურიძემ. 

აზარტული თამაშების ინდუსტრიას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც უპირისპირდებიან.

"მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო "პორშეს" მოგება აზარტულ თამაშებში. ეს არის სამარცხვინო, მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე,"- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მკაცრი რეგულაციების მომხრეა მმართველი გუნდიც.

"მე მხარს ვუჭერ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს, რომელიც უნდა შემოვიდეს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და უპირველესად, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ახალგაზრდა თაობის დაცვას," - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები